მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სქემისტები” რკინიგზასა და ელექტროსისტემაში - გიორგი ქობულია კორუფციის შესახებ საუბრობს

5ee514cdd2d2e
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.20 22:00
4371
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილ უმსხვილეს საწარმოებში რკინიგზასა და ელექტროსისტემაში “სქემისტები” საქმიანობენ. ქობულიას თქმით, სწორედ ეს ძალები ეწინააღმდეგებიან აღნიშნული დარგების რეფორმურებას, რადგან ბაზრის წესების ცვლილების და ექსკლუზიური კონტრაქტების გაუქმებით, მათი სქემებიც ჩამოიშლება. ამასთან, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამ სფეროების რეფორმირებას ცდილობდა, თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. 

გიორგი ქობულია - კორუფციის შესახებ:

“სახელმწიფო სექტორში არიან ჩამჯდარი სქემისტები, რომლებიც რაღაც სქემებს ატრიალებენ. იგივე რკინიგზაში, იგივე ელექტროენერგიაში და ასე შემდეგ და მაქსიმალურად იბრძვიან იმისთვის, რათა არანაირი რეფორმა არ მოხდეს. იქ რომ რაღაც მოდერნიზაცია და რეფორმა მოხდეს ეს მათ არ აწყობთ, რადგან მაშინ თავის სქემებს დაკარგავენ.

მოგიყვანთ მაგალითს. საქართველოს რკინიგზა არის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ესაჭიროება მოდერნიზაცია, რაც მოგვცემს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ბიძგს. ამ რკინიგზაში არის მიკერძოებული კონტრაქტები, ექსკლუზივები არის გაცემული რაღაც ტვირთების გადაზიდვებზე და ასე შემდეგ. ჩვენ თუ გვინდა, რომ რკინიგზა ვთქვათ წავიყვანოთ ეფექტიანობის ამაღლებისკენ, ნაწილობრივი პრივატიზებისკენ, მაშინ ეს სქემები დაიშლება.

იგივე ელექტროენერგეტიკის სფეროში არის შუამავალი კომპანიები იმპორტზე. ამ შუამავალ კომპანიებს რა თქმა უნდა არ აწყობთ, რომ მოდერნიზაცია მოხდეს ჩვენი საიმპორტო ინფრასტრუქტურის. არის მთელი რიგი შესაძლებლობები გაუმჯობესებების, რამაც შეიძლება საშუალება მოგვცეს, რომ ელექტროენერგიის იმპორტიც უფრო იაფად განვახორციელოთ და უკეთ დავასტაბილიზიროთ ჩვენი ელექტროსისტემა. მაგრამ იქ რომ არიან ჩამჯდარი რაღაც სტრუქტურებში, ისინი ჩვენ გვიშლიან ხელს. მე მოგიყვანეთ წიაღისეულის მაგალითიც, სადაც მგონი ერთი თუ ორი კომპანია აკონტროლებს მადნეულის სფეროს, ხოლო ახალი კომპანიების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას კი წინააღმდეგობა ეწევა.

ეს სქემისტები გვიშლიან ხელს როგორც რეფორმების გატარებაში, აგრეთვე არასწორად ითვისებენ ხალხის ფულს. ამასთან, ეს სქემები და მათი შეუცვლელობა ახდენს დემოტივირებას. მაგალითად, როგორც ვიცი რკინიგზაში კვალიფიციური ხალხი ვინც იყვნენ, მგონი სულ ყველა გაიქცა. რა ეფექტურობა უნდა გაზარდო, როდესაც ყველამ ვიცით შიგნით რაც ხდება? - ამაზე არის საუბარი,”- განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულია - Forbes Talks-ში:



შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში “საქართველოს რკინიგზის” ზარალმა 163 მილიონი ლარი შეადგინა, რაც კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, არა უშუალოდ საოპერაციო მიმართულებით არსებულ ვითარებას, არამედ კომპანიის ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება. 2019 წელს კი რკინიგზის ზარალი 5.6 მილიონი ლარი იყო.

ცალკეული წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მაშტაბური - 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო.  ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი გარკვეული ტემპით, ნაკადების აღდგენა დაიწყო.