მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსე-მ და Mytilineos S.A-მ ქვესადგურების მშენებლობის €36-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმეს

60f96cfa41c31
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.21 21:22
886
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და კონტრაქტორ კომპანია Mytilineos S.A (Metka) შორის 36 მლნ ევროს ღირებულების, ქვესადგურების მშენებლობის პროექტის განხორციელების ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა უჩა უჩანეიშვილმა და კონტრაქტორი კომპანიის Mytilineos S.A (Metka) გადაცემისა და დისტრიბუციის დირექტორმა მარგარიტა არიფმა მოაწერეს.

საქართველო სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში განხორციელდება და ოზურგეთსა და ლაჯანურში ახალი ქვესადგურების მშენებლობას, ხოლო „ახალციხე-500“-ში ქვესადგურის გაფართოების სამუშაოებს გულისხმობს, რომლებსაც ბერძნული კომპანია Mytilineos S.A (Metka) შეასრულებს.

„პროექტის განხორციელება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა აჭარისა და გურიის რეგიონებში, გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი და განავითაროს ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ჰესების ინტეგრირებას საქართველოს გადამცემ ქსელში. ოზურგეთსა და ლაჯანურში ახალი ქვესადგურების მშენებლობისა და „ახალციხე-500“-ის გაფართოების სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება და 2023/2024 წლებში დასრულდება“, - ნათქვამია სსე-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ENIP-ის ფარგლებში დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, აშენდება და გაფართოვდება ხუთი ქვესადგური, მოეწყობა დაახლოებით 500 კმ საერთო სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი. შედეგად, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, განავითაროს სტაბილური, საიმედო ელექტროგადამცემი სისტემა, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას.

ENIP-ის პროგრამის ინვესტიცია მოიცავს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებას „გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან” ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ გრანტს. ENIP-ის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 325 მილიონ ევროს შეადგენს.