მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტუმარი" Amazon-ზე საფერავის ჩაის ტესტირებას იწყებს

5eadb1759b026
ანი ციხისთავი
02.05.20 23:10
1345
“ონლაინ გაყიდვების დამატებას ვგეგმავთ. Amazon-ზე უკვე დავიწყეთ ტესტირება”- ასე იწყებს საუბარს ჩვენთან საფერავის ჩაის მწარმოებელი კომპანია “სტუმარი”-ს დირექტორი გიორგი ბუკია.ის მიუთითებს გაყიდვების პოზიტიურ სტატისტიკაზე და ამ მიმართულებით განვითარებას გეგმავს.
 
საქართველოში მიტანის სერვისის დამატებას ჯერჯერობით არ გეგმავენ. “იმისთვის, რომ მიტანის სერვისმა მომხმარებელს პროდუქცია არ გაუძვიროს, საჭიროა რამდენიმე ლოკაციაზე გვქონდეს საწყობი. ამას ჯერ ვერ ვახერხებთ, ამიტომ საფასო სეგმენტის შენარჩუნების მიზნით, მიტანის მომსახურების დამატებას ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ”,- ამბობს ბუკია.

“სტუმარი”-ს დირექტორმა BM.GE-სთან პანდემიის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიას გაყიდვები შეუმცირდა. “ეს არ არის პირველადი მოხმარების პროდუქტი. გარდა ამისა, ჩვენ ძირითადად სასტუმროებსა და კაფეებს ვამარაგებდით , რომელიც დღეს დაკეტილია”.

პანდემიამ კომპანიის საექსპორტო გეგმებზეც იქონია გავლენა. “სტუმარს” საფერავის ჩაის ნიმუშები ამერიკასა და დუბაიში ჰქონდა გაგზავნილი, თუმცა კორონავირუსის გამო მოლაპარაკებები დროებით გადაიდო.

“მათი ინტერესი ჩვენი პროდუქტის მიმართ აქტიურია.დარწმუნებული ვართ, რომ სიტუაციის დალაგებასთან ერთად, მოლაპარაკებებს კვლავ გავააქტიურებთ”.

რაც შეეხება ჩინეთში ექსპორტს, საცდელი პარტიები კომპანიას აქაც გაგზავნილი ჰქონდა და გეგმავდნენ გააქტიურებას. ვირუსმა ეს გეგმებიც შეაფერხა, თუმცა რამდენიმე დღის წინ “სტუმარი”-ს მესვეურებს ჰქონდათ ჩინურ კომპანიასთან კომუნიკაცია და მსოფლიოში არსებული ვითარების შეცვლის შემდეგ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხდნენ.

გიორგი ბუკია ამბობს, რომ პანდემიას წარმოების მოცულობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. კომპანია “სტუმარი” აპირებს წარმოება კიდევ უფრო გაზარდოს, რათა ექსპორტიორების მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს.

“გვქონდა შეკვეთა გერმანიიდან, მაგრამ დიდი მოცულობის გამო ვერ დავაკმაყოფილეთ. ჩვენ შევინარჩუნეთ მათთან კონტაქტი და ვმუშაობთ, რომ მოცულობითი შეკვეთების დაკმაყოფილება შევძლოთ”,- აღნიშნავს “სტუმარის” დირექტორი.