მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულხან ზუმბურიძე: ელექტროსისტემის 77-მილიონიანი ზარალი ლარის გაუფასურებამ გამოიწვია

5d9b6b40945e1
შოთა ტყეშელაშვილი
07.10.19 21:00
2601
გადაცემა “საქმის კურსში” სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილმა თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ ისაუბრა.


ზუმბურიძის თქმით, ის დასკვნაში მოყვანილ მაჩვენებლებს არ ეთანხმება, რის შესახებაც ელექტროსისტემამ საკუთარი პოზიცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აუდიტის სამსახურის მიერ აღნიშნული დოკუმენტის მომზადების დროს დააფიქსირა.

სულხან ზუმბურიძე ამბობს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ ერთი მხრივ, კომპანიაში გაცემულ პრემიებზე და მეორე მხრივ, წლების განმავლობაში აკუმულირებულ ზარალზე აქცენტის გაკეთება არასწორია, რადგანაც სახელმწიფო ელექტროსისტემის ზარალი არა - მენეჯმენტის საქმიანობით, არამედ ლარის გაუფასურებით იყო გამოწვეული.


“მოდით, ვთქვათ რის გამო იყო ზარალი - ეს იყო კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე. ეს მოხდა კურსის ეფექტის გამო. საოპერაციო კუთხით ჩვენ გვაქვს მოგება და სხვაობას რასაც იძახიან 77-მილიონიან ზარალზე, 88 მილიონი ლარის ზარალი იყო კურსთა შორის სხვაობიდან გამომდინარე ზარალი, ხოლო 77 მილიონი ჯამში იმიტომ გამოვიდა, რომ მოგება იყო საოპერაციო თვალსაზრისით. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიის მენეჯმენტის დამოუკიდებლად, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ფინანსურად დაგვიჯდა ზარალი. მეორე მხარეს კი, არის საოპერაციო საქმიანობა, სადაც ჩვენ თავიდან ბოლომდე მივყვებოდით რეაბილიტაციის გეგმას, მთავარი დოკუმენტი რეაბილიტაციის მმართველის მაშინაც და ახლაც არის რეაბილიტაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უნდა ჩაგვეტარებინა როგორც ფინანსური ასევე ტექნიკური განახლება. გეგმის ცვლილება განხორციელდა იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს ცოცხალ დოკუმენტს, ამ ცოცხალ დოკუმენტზე ჩვენ ვმუშაობთ.

რეაბილიტაციის გეგმით თავიდან თუ გვევალებოდა დაახლოებით, 12 მილიონის მოცულობის კაპიტალური ხარჯების გაწევა, ჩვენ ათჯერ უფრო მეტი კაპიტალური ხარჯი გავწიეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დიდი შრომა იყო ჩადებული მთელი ჩვენი გუნდის მიერ. აქ არის საუბარი იმ 1400 ადამიანზე, ვინც მუშაობდა და მუშაობს სახელმწიფო ელექტროსისტემაში. მათი მუშაობით, ის ინფრასტრუქტურა რაც მემკვიდრეობით გვერგო, განახლდა. საუბარია 20 ქვესადგურზე, რომლის რეაბილიტაციაც მოხდა თავიდან ბოლომდე, ეს არის 500 კილომეტრის სიგრძის აშენებული ხაზი, რაშიც საკმაოდ დიდი შრომა არის ჩადებული.

ერთი მხრივ, აუდიტის სამსახური იღებს ჯამურ ზარალს, რაც აბსოლუტურად არ არის გამოწვეული მენეჯმენტის საქმიანობით. ეს არის მაკროეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე. აუდიტის სამსახური მეორე მხარეს, ამ ზარალის რიცხვს უპირისპირებს პრემიას, თანაც ეს პრემია არ არის 10 და 20 ადამიანის, ეს არის 1400 ადამიანის მიერ მიღებული პრემია”, - ამბობს სულხან ზუმბურიძე.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამახვილებს ყურადღებას, სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის მიერ გაწეული როუმინგის ხარჯია, რამაც 2014-2017 წლებში 156,000 ლარი შეადგინა, ხოლო კონკრეტულად 2014 წლის აგვისტოს 5 დღის განმავლობაში “სახელმწიფო ელექტროსისტემის” მაშინდელი CEO-ს სატელეფონო ქვითარმა - 29,254 ლარი. ამ ხარჯს აუდიტის სამსახური არაგონივრულს უწოდებს. თავად სულხან ზუმბურიძე კი ამბობს, რომ მას ამ მოცულობის თანხა შემთხვევით დაეხარჯა.

“რაც შეეხება როუმინგის ნაწილს, იყო ეს ფაქტი, 5 დღეში ვამბობთ, რომ არის 29,000 ლარი დახარჯული. ალბათ ყველას წარმოგვიდგენია, რომ სულაც 24 საათი ადამიანი ტელეფონზე რომ იყოს, ამდენს ვერ დააგროვებს. ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ამ ქვეყანაში მომხდარა ამგვარი ფაქტები დატას გამო, თუ დარჩა ადამიანს ჩართული და იყო პერიოდი, როდესაც ოპერატორები ვერ აფრთხილებდნენ ამის შესახებ მომხმარებელს და ლაივ რეჟიმში არ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა ოპერატორებს შორის. ეს გროვდებოდა, ავტომატურად. ახლა უკვე გამოსწორდა ეს ხარვეზი, რომ თუ შემთხვევით ჩაგერთო ეს დატა. აქაც [აუდიტის მიმართ] თხოვნა იყო, მოდით შევამოწმოთ, საიდან მოვიდა ეს 29,000 ლარი და ვთქვათ რომ ილაპარაკა ადამიანმა 24 საათი, 5 დღე განუწყვეტლად და აქედან დაგროვდა.

რასაკვირველია, ეს ასე არ არის. გეთანხმებით, ფაქტი ცუდია, ეს არ არის განზრახ მომხდარი ფაქტი. რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ ახალი ტექნოლოგიები განვითარდებოდა, ახლა თუ WhatsApp-ით არის ძირითადად კომუნიკაცია...  მოდით ამოვიღოთ, საშუალოდ რამდენს ლაპარაკობდა ეს ადამიანი და მენეჯმენტი, იქ ნახავთ, რომ არაფერია განსაკუთრებული. ეს იყო გარემოება მაშინ, რომელიც არ არის კარგი გარემოება. დამერწმუნეთ, ეს არ არის მიზანმიმართულად, განზრახ გაკეთებული. წარმოდგენაც არ მქონდა ეს 29,000 ლარი როგორ დაგროვდა. რახან არის, არის. ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და როგორი სანქციები დავაწესოთ ვთქვათ, მაგრამ ამის დაპირისპირება და ფაქტების მოყვანა ერთიანად, რომ “29 ათასის ილაპარაკა, შემდეგ პრემიები გასცა და ამ დროს იყო ზარალიანი", არის არასწორი. სამართლიანობა მოითხოვდა ალბათ, რომ ჩვენი ან ალტერნატიული პოზიციაც იყოს გაზიარებული ან ერთი სიტყვით მაინც ეთქვა აუდიტის სამსახურს, რომ კი ბატონო, ჩვენ ამას ვამბობთ, მაგრამ ელექტროსისტემის პოზიცია არის შემდეგი,” - ამბობს სულხან ზუმბურიძე.

ელექტროსისტემა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოა. კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ეკუთვნის, ჯამური აქტივების ღირებულება კი, 1 მილიარდ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო.