მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: ცალსახად არასწორია, რომ ფიზიკურ პირს თავად შეეძლოს ტესტის ყიდვა

5e83119d89576
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.20 13:45
1243
"გარდა იმისა, რომ ტესტები ცალსახად დეფიციტურია, ცალსახად არ არის სწორი, რომ ფიზიკურ პირს შეეძლოს თავად ტესტის შესყიდვა,”  - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

BMG-ის კითხვაზე - როდის დაარეგულირებს სამინისტრო ტესტირებების საბაზრო ფასს იმ კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც ქვეყანაში COVID-19-ის სწრაფი ტესტების შემოტანას გეგმავენ თამარ გაბუნია პასუხობს, რომ ამის განსაზღვრისთვის სამინისტრო სრულ ჩარჩოს კვირის ბოლომდე შეიმუშავებს. ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მისი შეფასებით, დაუშვებელია კომპანიებმა მოქალაქეთათვის ამ ტესტების რეკლამირება მოახდინონ.

“დაუშვებელია ტესტირების რეკლამირება პაციენტებთან, მოქალაქეებთან, რომლებიც არ არიან სათანადო კომპეტენციებით აღჭურვილნი იმისთვის, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რამდენად საჭიროა მათთვის ტესტი და რა შედეგს გამოიღებს ეს ტესტირება და როგორ მოხდება ამ ტესტირების შედეგის გამოყენება.

BMG-ის კითხვა:  როდის დაადგენთ სწრაფი ტესტების საბაზრო ფასებს იმ ოთხი კომპანიისთვის, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრომ დართო ტესტების შემოტანის ნებართვა და ასევე რამდენად გონივრულად მიგაჩნიათ ის გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს შეეძლოს ამ კომპანიებისგან ტესტების ყიდვა, როდესაც ეს ტესტები გარკვეულწილად დეფიციტურია.

"გარდა იმისა, რომ ტესტები ცალსახად დეფიციტურია, ცალსახად არ არის სწორი, რომ ფიზიკურ პირს შეეძლოს თავად ტესტის შესყიდვა და შემდგომ ამ ტესტის საკუთარი შეხედულების მიხედვით გამოყენება. ეს არ არის სწორი და ჩვენ ამის რეგულირებას ვაპირებთ. მე ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე გვექნება სრული ჩარჩო, მას შემდეგ რაც ხვალ უკვე ალგორითმი დასრულდება, გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ალგორითმის ფარგლებში მოხდეს უკვე შეზღუდვების დაწესება იმაზე, თუ ვის აქვს ტესტის შეთავაზების საშუალება, ვინ არის პასუხისმგებელი ტესტის ხარისხზე, როგორ ხდება პასუხების ვალიდაცია და რა არის საერთოდ ხარისხის კონტროლის ჩარჩო იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია მივიღოთ სწორი და საიმედო პასუხი ნებისმიერი ტესტირებისგან, ამდენად ტესტი თუ არ არის ამ მახასიათებლების მატარებელი, ის რა თქმა უნდა არ უნდა მოხვდეს სისტემაში და ის მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ვფიქრობ უკვე კვირის ბოლომდე ან მომდევნო კვირის დასაწყისში ამოქმედდება, მოგვცემს ამის გარანტიას", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა არის გამოვლენილი. ვირუსისგან უკვე განკურნებულთა რაოდენობა კი, 21-ს შეადგენს.  ამასთან, სახელმწიფოს მიერ შექმნილ საკარანტინე სივრცეებში 4995 ადამიანი არის განთავსებული.