მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია ვაქცინაციის დაბალი ტემპის 3 მიზეზს ასახელებს

616d79e262799
ინგა მურუსიძე
18.10.21 18:00
738
საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნით, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, თუმცა დღეის მდგომარეობით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.6%.

ვაქცინაციის გეგმის მიხედვითვე, დღეში 40 000 ვაქცინა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში დღიურად მხოლოდ 10 ათასამდე ადამიანი იცრება.

დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ჰკითხა, თუ რატომ არის ვაქცინაციის ტემპი ასეთი დაბალი.

გაბუნიამ მიზეზად 3 ფაქტორი დაასახელა:

„ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ აქტიური იყო ივლისი-აგვისტო-სექტემბრის პერიოდში და უკვე მილიონი ადამიანია აცრილი 1 დოზით, ხოლო 902 660 ადამიანია აცრილი ორი დოზით. ეს არის ჩვენი სამიზნე მაჩვენებლის ნახევარზე ოდნავ მეტი. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ვაქცინის მიწოდება ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე მოთხოვნა, ვაქცინის მარაგი ქვეყანაში არის, აცრის ცენტრებიც არის.

თუმცა სექტემბრის მეორე ნახევრიდან აცრების მაჩვენებელი შემცირდა და შეიძლება ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდეს - პირველი - საინფორმაციო უზრუნველყოფაა საჭიროა, თუმცა ჩვენი საინფორმაციო კამპანია უფრო მეტად ნეგატიურ მესიჯებზე იყო დაყრდნობილი, ვიდრე პოზიტიურზე, ნაცვლად იმისა, რომ სტაბილურად და თანმიმდევრულად გაგვევრცელებინა ინფორმაცია, რომ აცრა სიკეთის მომტანია, ხშირად ამ ტიპის კამპანიას ფარავს პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები - გაფუჭდა, ჩაიშალა, დაგვიანდა. ეს ისედაც მერყეობის ფაზაში მყოფი მოქალაქეებისთვის დამაბნეველია.

მეორე მიზეზი არის მარტივად მოგვარებადი - ზოგიერთ რაიონში ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემაა. ანალიზის საფუძველზე იკვეთება რაიონები, სადაც ვაქცინაცია იყო სწრაფი - ბათუმი, საჩხერე, ქუთაისი, ამბროლაური, ფოთი, ლანჩხუთი და ზუგდიდი, სადაც სამიზნე მოსახლეობის ნახევარზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. კრიტიკული ფაქტორი რაიონებში არის ის, თუ რამდენად კარგად იმუშავა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ტრანსპორტირება უზრუნველყო თუ არა, რამდენად ჰქონდა მოსახლეობას მხარდაჭერა თავისი სოფლის თემისგან და ა.შ. ერთ-ერთი გამოსავალი ვაქცინაციის გააქტიურებისთვის იქნება სოფლის დონეზე ვაქცინაციის გააქტიურება. დღეს დაიწყო მარათონი, რაც მოგვცემს საშუალებას, გაააქტიურდეს კამპანია.

მესამე არის მწვანე საშვის მექანიზმის საკითხი. ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ჩაიტარებს თუ არა ვაქცინაციას, თუმცა ასევე ადამიანის უფლებაა, როცა ღონისძიებაზე მიდის, დაცული იყოს ვირუსისგან. ვგეგმავთ იმსჯელონ, როგორ იქნება ყველაზე ეფექტიანი მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება, გამომდინარე უფლებრივი საკითხების დაცვიდან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დაახლოებით 80% მაინც უნდა იყოს ვაქცინირებული იმისთვის, რომ ჩვენ სტაბილურად გავაგრძელოთ ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობა შეზღუდვების გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები