თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო საქონლის მიწოდება და იმპორტი – დღგ-სგან, ასევე აღნიშნული კატეგორიის საქონელი იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
ამ შეღავათებს "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის განხილვა ხვალ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.
კანონპროექტის მიზანი თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რაც დოკუმენტის ავტორების აზრით, ქვეყანაში მწეველობის ეპიდემიის დაძლევას ხელს შეუწყობს.
"სამომავლოდ, გადასახადებისგან გათავისუფლება პროდუქციის ფასის მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს, რაც სავარაუდოდ, დაასტიმულირებს შესაბამისი პროდუქციის მიწოდება ან/და იმპორტს და ამ პროდუქტების მოხმარებას.
ზემოაღნიშნული ფაქტორი გავლენის მომხდენი იქნება შესაბამისი იურიდიული პირების მოგებაზე, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოგების გადასახადის კუთხითაც", – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, პროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დღგ-ს და იმპორტის გადასახადის კუთხით.
კანონპროექტის ავტორია ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.