მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომელთა ტესტირების ხარჯი ჩვენი გასაწევია და შეღავათი არ გვექნება - „თბილისი ცენტრალი“

5ffc91f55d81f
ელენე გოგბერაშვილი
11.01.21 21:53
1675

მას შემდეგ, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების 1 თებერვლამდე გაგრძელების გადაწყვეტილება გამოცხადდა, სავაჭრო ცენტრები დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარეს. ბიზნესს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, ბიზნესომბუდსმენი, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ეპიდემიოლოგები შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო ის პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება სავაჭრო ცენტრების მუშაობის განახლება.

როგორც ირკვევა ბიზნესს აქამდე არსებულ რეგულაციებთან ერთად კიდევ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს, რაც კოვიდზე თანამშრომელთა რეგულარულ გატესტვას გულისხმობს.

შეხვედრიდან გამოსული სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რა ეფექტი ექნება ამ მოთხოვნის შესრულებას, მთავრობის მხრიდან ამის ახსნა ვერ მოისმინეს. გაიგეს ის, რომ ტესტირებისთვის საჭირო ხარჯის გაწევა თავად ბიზნესს მოუწევს და ამაში მათ სახელმწიფოს მხარდაჭერა არ ექნებათ.

"უნდა მოხდეს თვეში ერთხელ გატესტვა პერსონალის კოვიდზე, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება, ამის ახსნა ვერ მოვისმინეთ. ის, რაც მოვისმინეთ და გავიგეთ ის არის, რომ ეს სექტორი არანაირ სახელმწიფო დახმარებას არ იღებს საგადასახადო კუთხით, არ ვღებულობთ შეღავათს  სუბსიდირების ან გაზრდილი საოპერაციო ხარჯების კუთხით; რაც გავიგეთ არის ის, რომ ყველა ის ტესტირების ხარჯი არის ჩვენი და სავაჭრო ობიექტების გასაწევი და ამაში არანაირი შეღავათი არ იქნება და რაც გავიგეთ არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება თუ არა 1 თებერვლიდან, ამაზეც პასუხი არ არსებობს.

დასკვნა ისაა, რომ სექტორმა თვითონ უნდა მოიფიქროს როგორ უშველოს საკუთარ თავს, რაზეც ჩვენ გვექნება უახლოეს დღეებში შიდა კონსულტაციები.  ჩვენ მივმართავთ ეკონომიკურ გუნდს ჩვენი წინადადებით, რომ იქნებ როგორმე ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ“-აცხადებს "თბილისი ცენტრალის" გენერალური დირექტორი, ლევან ყარალაშვილი.


შეგახსენებთ, მთავრობის მიერ ნოემბერში გაცხადებული გეგმის მიხედვით, სავაჭრო ცენტრების გახსნა 16 იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.