მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას - კალაძე

61af57b1d0d13
ინგა მურუსიძე
07.12.21 20:40
465
მმართველი ძალის თუ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ვალდებულია, თბილისის საკეთილდღეოდ მაქსიმალურად დაიხარჯოს, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს, სადაც დედაქალაქის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

„მადლობა ეკუთვნით ადამიანებს, ვინც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუნდაც არა ჩვენი, არამედ ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისა და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. მითუმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ თბილისის, ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქალაქის საკრებულოზე და თითოეული ჩვენგანი, მმართველი ძალის, თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, განურჩევლად საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა, უბრალოდ ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ თბილისის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ და მუშაობ - თბილისი არის ქალაქი თავისი მყარი სოციალური არქიტექტურით, ისტორიითა და განუმეორებელი კოლორიტით.

„ჩემგან არავის გესწავლებათ და ყველამ ვიცით, რომ თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას. თბილისი არის ქალაქი თავისი მყარი სოციალური არქიტექტურით, ისტორიითა და განუმეორებელი კოლორიტით. ალბათ ყველა „ახალგაზრდა“ ქალაქი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, ყველა ძველი ქალაქი კი თავისებურად გამორჩეულია, თუმცა, თბილისს არამხოლოდ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩაბუდებული ისტორია და გასაოცარი კულტურული თუ არქიტექტურული მემკვიდრეობა, არამედ სწორედ მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანში გაფანტული ადამიანები ქმნიან. სწორედ ეს ადამიანები სძენენ ამ საოცარ ქალაქს სიცოცხლეს და ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვალდებული ვართ, მათი საცხოვრებელი გარემო გავხადოთ სოციალურად უფრო მეტად უზრუნველყოფილი, უფრო ჯანსაღი, უფრო კომფორტული და რა თქმა უნდა, სიცოცხლით სავსე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ კონკურენციის მიუხედავად, პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, რომ ქალაქის მასშტაბით შექმნილი ყველა სიკეთის თითოეულ მოქალაქემდე მიტანის საკითხში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

„გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკური კონკურენციის, სამწუხაროდ, ხშირად დაპირისპირების მიუხედავადაც კი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, რომ საკუთარი აგური დადონ ამ საქმეში - ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში. შესაძლოა, ამგვარ ერთიანობას, პასუხისმგებლობიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს ხალხს და არც თბილისს დასაკარგი დრო ნამდვილად აღარ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, საკრებულოს წევრებს დედაქალაქისა და აქ მცხოვრები თითოეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად, გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„დღეს მე, როგორც ქალაქის თბილისის არჩეული მერი, მოგმართავთ თქვენ, თბილისის საკრებულოს დეპუტატებს და გთხოვთ გავერთიანდეთ ჩვენი ქალაქის, აქ მცხოვრები ნებისმიერი წარმომავლობის, აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულების თითოეული ადამიანის საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რისთვისაც თბილისელებმა გამოგვიცხადეს ნდობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ასევე, როგორც უკვე განხორციელებული, ისე მიმდინარე თუ დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილა.