მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას“ - ღამის კლუბების პასუხი მთავრობას

61c41c79eef2f
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.21 11:10
671
თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას - ეს გადაწყვეტილება თბილისში მოქმედმა ღამის კლუბებმა გუშინ ღამის კლუბების საქმიანობის აკრძალვის შესახებ მთავრობის მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ მიიღეს.

აღსანიშნია, რომ გუშინ საღამოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და თავისი პოზიცია დააფიქსირეთ. კლუბების წარმომადგენლები თვლიან, რომ მთავრობამ ისინი „გადააგდო“, რის გამოც მათ ნდობა დაკარგეს, რადგან „აღარ იციან ვის ელაპარაკონ, სახელმწიფო გახდა კედელი“.

საპროტესტო აქციის შემდეგ კი კლუბებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის პროცესზე და მათ გადაწყვეტილებაზეა საუბარი. BM.GE კლუბების ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2 წლის წინ COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკლუბო სცენამ, რომელიც გამორჩეულია მისი უნიკალურობით და დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, საკუთარი ინიციატივით მიიღო დროებით დახურვის გადაწყვეტილება, რადგან გააზრებული გვქონდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიმწვავე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობა.

ამ პერიოდის განმავლობაში შევიმუშავეთ ცოდნაზე, გამოცდილებასა და კვლევაზე დაფუძნებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. სწორედ ამიტომ, კლუბების გახსნის მოთხოვნა არ დაგვიყენებია მანამ, სანამ თავად არ დავრწმუნდით, რომ შევძლებდით ჩვენს სივრცეებში შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას.

სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, დღეს, 22 დეკემბერს, 22 თვიანი ლოდინის შემდეგ საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8 000-მდე ადამიანის მომავალი.

ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს.

სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მუქარის ენით გველაპარაკება. მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება:

თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაღება მოგვიწია.

ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!“ - ნათქვამია კლუბების მიერ სხვადასხვა Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.