თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დედაქალაქისთვის 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ 30-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად კომპანია "ჯი-თი მოტორსი" გამოავლინა, რომელიც დედაქალაქს Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობს. გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ Ford-ის კონკურენტის, Hyundai-ის დისკვალიფიკაციის შემდეგ მიიღო.
“ჯი-თი მოტორსის" წინადადებით, წარდგენილ მიკროავტობუსებში 17 სამგზავრო ადგილი იქნება, ამასთან, ერთი მიკროავტობუსის შესასყიდი ფასი 101,656 ლარი იქნება. ტექნიკური პარამეტრების თანახმად, ახალი მიკროავტობუსის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე ქალაქში 9 ლიტრის ფარგლებში უნდა იყოს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიასთან ხელშეკრულება 25 სექტემბრამდე უნდა გაფორმდეს.
Hyundai სატრანსპორტო კომპანიას H350-ის ტიპის 17-ადგილიანი მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობდა, თუმცა სატენდერო კომისიას ავტომობილის ტექნიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჰქონდა, რომელთა დასაზუსტებლადაც კომპანიას 27 აგვისტომდე მიეცა ვადა. 31 აგვისტოს კი, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ კომპანიამ ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო, რის გამოც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა.
შესყიდვის შემდეგ, მერია ამ მიკროავტობუსებს სარგებლობაში “თბილისის მიკროავტობუსს” გადასცემს, რომელიც დედაქალაქში მოქმედი კერძო სატრანსპორტო ოპერატორია.
თბილისის მერიამ მიკროავტობუსების შესყიდვის ტენდერი წელს ორჯერ შეაჩერა. თავდაპირველად, ტენდერი აპრილში შეჩერდა, რის მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, ახალი ტენდერით სატენდერო წინადადების მიღების დასრულება 3 აგვისტოს იგეგმებოდა.
ივლისში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ხელახლა გამოცხადებული ტენდერის შეჩერების მიზეზი სატენდერო წინადადების აღწერილობაში ცვლილებების შეტანა გახდა, რასაც პოტენციურ მიმწოდებელთა შორის კონკურენცია უნდა გაეზარდა.
მესამედ კი, ტენდერი 15 ივლისს გამოცხადდა და მასში წინადადების მიღების ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა, სწორედ ამ ტენდერში გაიმარჯვა "ჯი-თი მოტორსმა".