მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია რუსული Метровагонмаш-სგან €49 მილიონად, მეტროს ვაგონებს შეისყიდის

63da2118ea954
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.23 12:27
3774
თბილისის მერია მეტროსთვის ვაგონებს რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ შეიძენს. გადაწყვეტილება მიღებულია და ხელშეკრულება აღარ შეწყდება. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, EBRD-ის 2021 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. ამის შესახებ მან BMG-ს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ ცვლილებები დამკვეთის, ანუ თბილისის მერიის ფინანსური რისკებისგან თავის არიდების გამო მოხდა და დააზუსტა, რომ რუსული კომპანია „მეტროვაგონმაში“ სანქცირებული არ არის.

„ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფასად ჩვენ ალტერნატიული მომწოდებლისგან ვაგონების შესყიდვას ვერ შევძლებდით და ტენდერში გათვალისწინებულ შემდეგ წინადადებაზე რომ გადავსულიყავით შესყიდვა 30-35%-ით გვიძვირდებოდა, ვეცადეთ არსებულ მომწოდებელთან მოლაპარაკებები ისე დაგვესრულებინა, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დაგვეზღვია. ამ პირობებს მივაღწიეთ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმდა ყოველი ეტაპი და თითოეული პუნქტი, რომელიც ხელშეკრულებაში შევიდა. ამ კონტრაქტით დაიწყება ვაგონების დამზადება და ვიმედოვნებთ, ამ ვაგონების მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება კონტრაქტის გათვალისწინებულ ვადაში მოხდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე - კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა შეთანხმებაში, ვიცე-მერმა უპასუხა რომ საკითხი ანგარიშსწორებას ეხებოდა.

„იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ შეძლებდა წარმოებას, ჩვენ გადახდილი თანხისა და მიუღებელი საქონლის პირისპირ არ უნდა დავრჩენილიყავით. ცვლილებების მიხედვით ჯერ ვაგონების მოწოდება და ექსპლუატაციაში ჩაშვება მოხდება და მხოლოდ იმ პორციას ავანაზღაურებთ, რომელიც ჩამოვა“, - თქვა ხმალაძემ.

ცნობისთვის: EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მიერ ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ 2021 წლის დეკემბერში გაიმარჯვა. პროექტს თბილისის მერია და “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” სწორედ EBRD-ისგან მოზიდული კრედიტით აფინანსებენ და მის ფარგლებში ახალი ვაგონების შესყიდვასთან ერთად, დეპოს და საბურთალოს ხაზის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც უნდა მოხდეს.

Метровагонмаш-მა დედაქალაქს 49,190,000 ევროს ღირებულების 44 ვაგონი უნდა მიაწოდოს. ლარებში შესყიდვის ღირებულება 172 მილიონია.

2022 წლის 11 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო რომ EBRD-მ „მეტროვაგონმაშთან“ ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა. 


Метровагонмаш-ისგან მეტროს ვაგონებს აღარ შევიძენთ, ხელშეკრულებას ვწყვეტთ - კალაძე


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები