მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რომელ უბნებშია გეოლოგიურად საშიში არეალები?

605b7e358c71d
ანუკა ჯოხაძე
24.03.21 23:20
6386
თბილისის ყველა მეწყერსაშიში არეალის ნახვა დაინტერესებულ პირს მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე შეუძლია.

როგორც bm.ge-სთან თბილისის გენერალური გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი მამუკა სალუქვაძე ამბობს, თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებისას "სითი ინსტიტუტმა" ამ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და ის კონკრეტული საფრთხის შემცველი ტერიტორიები გამოყო, სადაც მეწყერის და არა მარტო მეწყერის, საშიშროება არსებობს. სალუქვაძის განმარტებით, ვაშლიჯვრის ფერდი სწორედ მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ მყოფი ზონაა, თუმცა მსგავსი რისკის ქვეშე მყოფი ტერიტორიები თბილისის მასშტაბით კიდევ გვხვდება.

“თბილისი არის 36 000 ჰექტარი, საიდანაც 14 000 ჰექტარია, რომელზეც მშენებლობა ძალიან სათუოა ან ძალიან ფრთხილად უნდა წარმოებდეს. ზოგან მშენებლობა აკრძალულიც უნდა იყოს და ეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გაკეთდა. ზოგან არ ვამბობთ რომ აკრძალულია, მაგრამ ვამბობთ, რომ ძალიან დეტალური კვლევა უნდა ჩატარდეს. ასეთი ტერიტორიებია კოჯორის, თელეთის, მთაწმინდის ფერდობები. ლისზე არის საკმაოდ დიდი ზოლი, გლდანთან არის ასევე ასეთი ტერიტორიები, კონკრეტულად გიორგიწმინდა არის ასეთი დასახლება. მაღალი რისკის ქვეშაა შავნაბადას ტერიტორია, შინდისის და ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიები. მაღალი რისკის ქვეშ მყოფ არეალებშია წყნეთიც. მარტო მშენებლობებსაც ვერ დავაბრალებთ, მშენებლობებმა შეიძლება დააჩქაროს პროცესი, თუმცა ეს ყველაფერი ბუნებრივადაც ხდება, იმიტომ რომ ქვაბულში იმყოფება თბილისი და რთული მორფოლოგიური აგებულება აქვს დედაქალაქს", - აცხადებს თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მამუკა სალუქვაძე.

ცნობისთვის, თბილისში, ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული პროცესები გააქტიურდა. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გასულ კვირას გავრცელდა, რასაც საზოგადოების და სპეციალისტების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანელი გეოლოგებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც ვაშლიჯვარში, მეწყრულ პროცესებს სწავლობენ. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს.