მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი ბინების ფასი გაიზარდა, ძველის კი შემცირდა – თორნიკე კორძაია

5f5bb3b94c90f
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.20 00:15
2109
თბილისში ბინების ფასების ზრდა ახალ ბინებზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, საერთო ჯამში ბინების ფასები აგვისტოში 1.7%-ით გაიზარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძველ ბინებზე ფასები შემცირებულია, ხოლო ახალზე გაზრდილი, შესაბამისად საერთო მაჩვენებელზე გავლენა ახალ ბინებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.

„ძველ ბინებზე ფასის კლება გრძელდება: აგვისტოში 1 მ2 საშუალოდ 582 დოლარი ღირდა, ივლისში - 605 დოლარი, მთელი მეორე კვარტლის საშუალო ფასია 615 დოლარი, წელი წელთან შედარებით შემცირება 3.6% იყო, ხოლო თვის შემცირება აგვისტოში დაახლოებით 6% იყო. ძველ ბინებზე ფასის კლების ტენდენცია ჯერჯერობით გრძელდება.

ახალი ბინების შემთვხვევაში მიუხედავად იმისა რომ აგვისტოში ბინების ფასი იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 2.6%-ით ნაკლებია, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ეს ფასი 1.4%-ით არის გაზრდილი, ხოლო ივლისთან შედარები 3.6%-ით არის გაზრდილი. ლოგიკურად ჩანს, რომ საითაც მეტი მოთხოვნა წავიდა ბოლო თვის მანძილზე, იქ ფასმა მოიმატა“, - განმარტა კორძაიამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისში ყველაზე მეტად როგორც აქამდე, ისე ახლაც პატარა და მცირე ზომის ბინები იყიდება. ბაზრის დაახლოებით ორი მესამედი 70 მ2-ზე ნაკლები ფართის ბინებს უკავიათ. ამ ბინების ზომიდან გამომდინარე საშუალო გაყიდვა დაახლოებით 66 მ2 იყო.

„გლდანში ყველაზე მეტი მცირე ბინაა გაყიდული, სადაც 50 მ2-ზე ნაკლები ფართის გაყიდული ბინები 62%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ყველაზე მეტი 144 მ2-ზე დიდი ბინები ახალ ბინებში გაყიდულია ვაკეში, რამაც დაახლოებით გაყიდული ბინების 16% შეადგინა.

ეს სურათი დიდად არ შეცვლილა. ერთადერთი, მოთხოვნა მცირე ბინებზე შედარებით გაიზარდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოთხოვნა ახალი ბინების შეძენის შემთხვევაში უფრო მცირე ბინებზე გადადის, ძველი ბინების შემთხვევაში კი მდგომარეობა დაახლოებით იგივეა“, - აღნიშნა „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა.