მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა

63da156c7ac16
თათია ჩაფიჩაძე
01.02.23 12:56
1043
თბილისში, საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა. პროექტი ყაზახური ინვესტიციით, ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ განახორციელა. პროექტის პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 12,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

Holiday Inn Express Tbilisi Avlabari 122 სტანდარტული კატეგორიის ნომერს აერთიანებს, რაც 250-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. სასტუმრო ე.წ. bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. არსებული ნომრები მორგებულია როგორც დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე, ასევე საქმიან სტუმრებზე. სასტუმროში განთავსებულია მრავალფუნქციური საკონფერენციო სივრცეები, როგორც მცირე ზომის საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე 100 ადამიანამდე გათვლილი ღონისძიებებისთვის. ინვესტიციის შედეგად ადგილზე 50-მდე ადამიანი დასაქმდა.

„სიმეტრიას“ მიერ Holiday Inn Express Tbilisi Avlabari-ის განვითარებით შეიქმნა სივრცე, სადაც სტუმრებს შეეძლებათ საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მიიღონ მარტივი, კომფორტული მომსახურება შედარებით ბიუჯეტურად. ვთვლით, რომ ეს სასტუმრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისისათვის, რადგან ჩვენს ქალაქში საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები ძირითადად პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი. საშუალო სეგმენტი კი მეტ-ნაკლებად აუთვისებელი იყო. ეკონომიკურად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი სრულიად უცხოეთიდან, ყაზახეთიდან მოზიდული პირდაპირი ინვესტიციებით არის განხორციელებული, რაც თავის მხრივ, მაგალითის მიმცემი იქნება სხვა უცხოელი ინვესტორებისათვის. „სიმეტრიაში“ გვჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას დაამშვენებს, ტურიზმის განვითარებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ყველასათვის სიმეტრიული სარგებლის მომტანი იქნება ,“ - განმარტავს კომპანია „სიმეტრიას“ დირექტორი ტარიელ გაბუნია.

უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის მათ პორტფოლიოშია ისეთი პროექტები როგორიცაა, Best Western Kutaisi, Holiday Inn Express Tbilsi Avlabari, სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი“.

ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში. სამომავლო გეგმები მოიცავს: ორ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში, სასტუმროებს სამთო კურორტებზე. კომპანიისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე ამოცანაა რაჭის ისტორიული კურორტის, შოვის, რეაბილიტაცია და განვითარება.


(NS)