13.თებერვალი .2020 15:20

თელავის აეროდრომ „მიმინოს" განვითარებაზე რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯება

views 937
უკან

საავიაციო უნივერსიტეტი თელავის აეროდრომ „მიმინოს“ საფარის გაფართოებას და განახლებას გეგმავს.

როგორც bm.ge-ს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, დაგეგმილია მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება, მათ შორის საავიაციო უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით.

„საავიაციო უნივერსიტეტი იწყებს ე.წ. „მიმინოში“, თელავის აეროპორტში ინვესტიციის განხორციელებას. მოგეხსენებათ, ახლა იქ მხოლოდ სასწავლო-საწვრთნელი ფრენები მიმდინარეობს, თუმცა აეროპორტი სხვა ფრენებისთვის მომზადდება.

მოხდება აეროდრომის საფარის გადიდება და შეცვლა თავიდან ბოლომდე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კერძო ბიზნეს-ფრენების, 20-30 ადგილიანი თვითმფრინავებისთვის ფრენების განხორციელება გახდეს შესაძლებელი, რაც პერსპექტივაში შიდა ტურიზმს შეუწყობს ხელს.

გაზაფხულ- ზაფხულის სეზონზე აეროდრომზე სამუშაოები შესრულდება, შემდგომ ეს უკვე საშუალებას მისცემს კერძო კომპანიებს, ვინც დაინტერესდება, რომ ამ მოცულობის თვითმფრინავებით შიდა ფრენები განახორციელოს. აეროპორტს უკვე ეს სერთიფიკატი და ნებართვა მიღებული ექნება. ეს ინვესტიციაა, რომელიც პერსპექტივას უხსნის შიდა ფრენების განხორციელებას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ჩართულია ამ პროექტში, ვინაიდან მოსაწერსიგებელია საკომუნიკაციო წყალარინების სისტემები, რომ აეროდრომის ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. გუბერნატორის ინფორმაციით, ამ შემთახვევაში ინვესტირებას უკვე მუნიციპალიტეტი განაახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა