თელავის აეროპორტის ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის. ინფორმაცია BMG-ის აეროპორტის მფლობელ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში დაუდასტურეს. შეთანხმების მიხედვით, ტერიტორია, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ მზადებას გადიან, უნივერისტეტის ბალანსზე რჩება, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი კი, რომელიც უნდა გაფართოვდეს - სახელმწიფოს.
“მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ჩვენ თავად მივმართეთ მთავრობას, რომ ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრება გამხდარიყო. იმისთვის, რომ აეროპორტი გაფართოებულიყო და რეისები შესრულებულიყო, ბევრი თანხა იყო საჭირო, რასაც უნივერსიტეტი ვერ შეძლებდა. რაც შევთავაზეთ, მთავრობა ყველაფერზე წამოვიდა. ასაფრენ-დასაფრენ ზოლს მთავრობა უფრო გააფართოებს და რეისების შესრულებაც უფრო მიმზიდველი გახდება. ფრენები ღამის საათებშიც შესრულდება”, - განაცხადა საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, სერგო ტეფნაძემ BMG-სთან.
სერგო ტეფნაძის თქმით, გარიგების დეტალები დასრულებულია და ტერიტორია სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა. შეთანხმების მიხედვით, მთავრობა თანხას არ გადაიხდის, უნივერსიტეტი კი აეროპორტის ინფრასტრუქტურას უფასოდ გამოიყენებს.
გარიგების მეტ დეტალს BMG ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ელის.
თელავის აეროპორტის აშენებასა და განვითარებაზე განცხადება გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პროექტი 25- 30 მილიონი ლარი დაჯდება და ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1 700 მეტრამდე დაგრძელდება. მთავრობა ამბობს, რომ აეროპორტი პირველ მგზავრს მომავალი წლის მაის-ივნისში მიიღებს. ამასთან, როგორც გუშინ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, თელავის აეროპორტს პირდაპირი კავშირები ქუთაისის, ამბროლაურის, მესტიისა და ბათუმის აეროპორტებთან ექნება.