მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია 2019 წელს აფასებს: ორი მომენტი იყო - პოლიტიკური და მლიქვნელური

5e0b32ae5fed4
თელარა გელანტია
31.12.19 18:02
3412
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასებით, 2019 წელი პოლიტიკურად დატვირთული იყო.

როგორც bm.ge-ის თემურ ჭყონიამ წლის შეჯამებისას განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ბიზნესის განწყობებზე მოქმედებს, წლევანდელი წელი კარგი იყო იმ კუთხით, რომ ბიზნესისთვის არავის ეცალა და ბიზნესი დამოუკიდებლად ვითარდებოდა.

„ახალი წელი მოდის და ზოგს აწყობს, რომ პოზიტიური განწყობით შეხვდეს, ზოგს - ნეგატიური განწყობა აქვს, რეალობის გარშემო ცოტა საუბრობს; რეალობა კი არის შემდეგი, რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები არ ხდება. პრინციპში, არაფერი იცვლება ქვეყანაში - შესაბამისად, კითხვებიც და პასუხებიც წლიდან წლამდე ერთი და იგივეა.

2019 წელი ძირითადად იყო პოლიტიკურად დატვირთული. ორი მომენტი იყო - პოლიტიკური და მლიქვნელური.
აქედან გამომდინარე, ბიზნესისთვის ყველაზე კარგი წელი იყო, რადგან ბიზნესისთვის არავის ეცალა და კერძო სექტორი ვითარდებოდა თავისთავად. ამ ვითარებაში ბიზნესმა აჩვენა, რომ დამოუკიდებლად განვითარება შეუძლია... პოლიტიკური სიტუაცია, რა თქმა უნდა, მოქმედებს განწყობაზე, მაგრამ ბიზნესის შემაფერხებელი არაა, ვინაიდან ჩვენი ბიზნესი პროფესიონალურ დონეზეა და მთელმა საქართველომ მადლობა უნდა გადაუხადოს, რადგან ბიუჯეტში იხდიან გადასახადებს და შრომობენ, მიუხედავად ბევრი დაბროკოლებისა“, - განაცხადა ჭყონიამ, თუმცა დასძინა, რომ წლის განმავლობაში შემოღებული რეგულაციები ბიუჯეტისთვის „ცუდი იყო“.

ასეთ რეგულაციებს და გადაწყვეტილებებს შორის კი, ბიზნესმენმა განსაკუთრებით აქციზის განაკვეთის ზრდა გამოყო.
“2019 წელს რომელი რეგულაციებიც შემოირეს, ვფიქრობ, ბიუჯეტისთვის ყველა იყო ცუდი. მაგალითად, სიგარეტის აქციზი, რომელიც გაზარდეს. ვითომ ადამიანების ჯანმრთელობაზე ფიქრობდნენ, ამ დროს ადამიანის ჯანმრთელობა მარტო სიგარეტზე არაა დამოკიდებული, ნერვებზეც არის დამოკიდებული და განწყობაზეც, ამიტომ სიგარეტის ბიზნესიდან დაგეგმილი ფული არ შევიდა ბიუჯეტში და მწეველთა რიცხვიც არ შემცირებულა. ამდენად, ეს რეგულაცია, რითაც ამაყობენ, იყო შეცდომა ან სრულყოფილი არ იყო”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

Bm.ge-ისთან საუბრისას თემურ ჭყონიამ ფინანსთა სამინისტროს ის მონაცემებიც გაიხსენა, რომლის თანახმად, ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების გეგმა რამდენიმე მილიონის გადაჭარბებით შესრულდა.

„ფინანსთა მინისტრმა რომ გამოაცხადა, გადასახადების კუთხით ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდაო, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმა დამოუკიდებლად არაჩვეულებრივად იმუშავა და თავად არ ჰქონდათ დაგეგმილი სწორად… ზოგადად, ბიზნესი რომ ვითარდება და ძლიერდება, ეს იმის დამსახურებაა, რომ მოდის ახალგაზრდა თაობა, უფრო კრეატიული და მოტივირებული ბიზნესმენები, თან დამოუკიდებლები და ესაა შედეგი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.