მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: მტკივნეული რეფორმების გარეშე, ორმოში დავრჩებით

5fedc2077fc90
თელარა გელანტია
31.12.20 17:36
2782
თემურ ჭყონიას პროგნოზით, 2021 წელი 2020 წელზე ნაკლებად რთული იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო „კარგი ქვეყანა“ გახდეს, ბიზნესმენის აზრით, მტკივნეული გადაწყვეტილებებია მისაღები და რეფორმები - გასატარებელი.

„2021 წელი ისეთი რთული არ იქნება, როგორც 2020, რადგან მოწოდება #დარჩისახლში 2021-ში შემცირდება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავქუდმოგლეჯილად უნდა დავიწყოთ ტრადიციული ღრეობა. პირიქით, ტრადიციები, რომელიც პანდემიამ შეცვალა, მაგალითად, 700-კაციანი ქელეხები, 500-კაციანი ქორწილები, რომელიც არც სიძეს სჭირდებოდა და არც პატარძალს, არ უნდა დავაბრუნოთ... ასევე, პანდემიამ გვასწავლა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით, შეგვიძლია ხარჯები დავზოგოთ, ბიუროკრატია შევამციროთ... ხომ ფაქტია, წელს საძინებელი, სამზარეულო, მისაღები ოთახი ოფისებად თუ სასკოლო ოთახებად და უნივერსიტეტების აუდიტორიებად გადაკეთდა... მოკლედ, ბევრი რამ გვასწავლა კოვიდმა და კიდევ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. რაღაცეები მაინც ვერ ვისწავლეთ“, - აცხადებს bm.ge-ისთან ბიზნესმენი და გული იმაზე წყდება, რომ მიუხედავად პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისისა, ქვეყანაში ბიუროკრატიის ზომა უცვლელი დარჩა და მტივნეული რეფორმებისთვის მზაობაც ნაკლებად ჩანს.

თემურ ჭყონიას აზრით, საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანება ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე - მიზნის ირგვლივ, ამიტომ, პირველ რიგში, საერთო მიზანი უნდა დავისახოთ.

„საქართველო არ შეიძლება იყოს ძალიან მდიდარი ქვეყანა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვიყოთ კარგი ქვეყანა და თან საკმაოდ მოკლე დროში. ეს უნდა იყოს მიზანი, რომელიც საზოგადოების გაერთიანებას, ცოდნას და ნოვაციას დაეფუძნება. სხვათა შორის, პანდემიამ დაგვანახა ისიც, რომ თურმე გვყავს ძალიან კარგი ექიმები, იურისტები, დიპლომატები, ეკონომისტები, რომელთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მუშაობს და იქნებ დავფიქრდეთ იმაზე, როგორ შეიძლება მათი ცოდნა და რესურსი საქართველოს განვითარებისთვის გამოვიყენოთ?! საზოგადოება უნდა იყოს გაერთანებული ერთი მიზნის ქვეშ“, - ამბობს ბიზნესმენი.

Bm.ge-ის კითხვაზე - რამდენად ჩანს ეს მიზანი და ახლებური ხედვები „ოცნების“ მთავრობაში, რომელიც მესამე ვადით დარჩა ხელისუფლებაში და არც კი, განახლებულა, თემურ ჭყონია პასუხობს, რომ „ესეც პრობლემურია“.

„არაჩვეულებრივია, როცა მთავრობა რადიკალურ გადაწყვეტილებს იღებს. რა თქმა უნდა, რადიკალური გადაწყვეტილებები და რეფორმები, იქნება მტკივნეული, მაგრამ თუ ეს მტკივნეული გადაწყვეტილები არ მივიღეთ, ვიქნებით ორმოში ჩავარდნილები, ასე დავრჩებით ორმოში და გავაგრძელებთ თხრას ანუ ქვევით წავალთ და არა - ზევით. ერთი ასეთი გამოთქმაა - ორმოში რომ ჩავარდებით, თხრას თავი უნდა დაანებოო. ჩვენ რას ვაკეთებთ? - ჩვენ ახლა ორმოში ვართ და ვთხრით. არადა უნდა ვეძებოთ ამოსასვლელი გზები“, - აცხადებს ბიზნესმენი.