მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტესტირება სავალდებულო იქნება - რა პრინციპით გაიხსნებიან ბაზრობები?

5ffd97b431bce
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.21 16:50
1275
დღეს, 13:00 საათიდან კანცელარიაში მთავრობის წარმომადგენლები ბაზრობების მფლობელებს შეხვდნენ, სადაც 1 თებერვლიდან ბაზრობების მიერ დამატებით შესასრულებელ რეგულაციებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაზრობებს ამოქმედებისთვის იქ მომუშავე ადამიანების ანუ ადმინისტრაციის თანამშრომლების გატესტვა გარკვეული პერიოდულობით მოუწევთ, რასაც ბაზრობის ხელმძღვანელობა დააორგანიზებს, ხოლო თავად მეწარმე სუბიექტები დასაქმებულების ტესტირებას უზრუნველყოფენ.

„დღეს იყო პრინციპული, მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეხვედრა. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 1 თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო მოლები და ბაზრობები, მიღებულია, თუმცა არსებულ რეგულაციას დაემატა მნიშვნელოვანი რეგულაცია - ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანების პერიოდული ტესტირება. შევთანხმდით, რომ გვექნება დამატებითი შეხვედრა ტექნიკურ საკითხებზე.

ტესტირების სწორი და სწრაფი ორგანიზება ბაზრობების ხელმძღვანელობის პრობლემა იქნება, რათა 1 თებერვლისთვის ყველაფერი ისე მოესწროს, როგორც გაიწერა. დანარჩენის უზრუნველყოფა ანუ ტესტირება იმ მეწარმემ უნდა მოახდინოს, რომელიც ასაქმებს ადამიანებს. ტესტირება გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება - თითო მეწარმეს, დაახლოებით, 2 თვეში ერთხელ მოუწევს დასაქმებულების გატესტვა. პირველ ეტაპზე 20% გაიტესტება და ესეც გეოგრაფიული განშლადობით მოხდება, იმისთვის რომ არეალი სრულად მოვიცვათ და კოვიდ ინფექციის შესაძლო გავრცელების სურათი დავინახოთ. ამ პრინციპით ყოველ 2 კვირაში 20% გაიტესტება.

როგორც ვიცით, ეს იქნება ანტიგენზე დამყარებული ტესტირება. ჩვენს თანამშრომლებს ჩვენ თვითონ გავუკეთებთ ტესტს, მეწარმეები კი, თვითონ გაუკეთებენ თავის თანამშრომლებს და შესაბამისად, ტესტირება იმ პერიოდულობით ჩატარდება, რომ ჩვენთვის და მეწარმისთვის დიდი ტვირთი არ იქნება და გავუძლებთ ამ ტვირთს“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც. „ღია და დახურული ე.წ „ბაზრობების“ ადმინისტრაციებთან ვიმსჯელეთ როგორც არსებულ რეგულაციებზე, ასევე დამატებით ღონისძიებებზე, რომლებიც, ძირითადად, გამოიხატება ბაზრობებზე მომუშავე პერსონალის რეგულარულ გატესტვაში. არის კონკრეტული ტექნიკური საკითხები, რომელთა გადაჭრასაც უზრუნველყოფს ორივე მხარე - სახელმწიფოც და ბაზრობების ადმინისტრაციებიც იმისთვის, რომ სექტორი გაიხსნა და მისი უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.