მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არაბთა საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოში ინვესტირებისთვის მზადყოფნას გამოხატავენ“

61486eea3f49a
ვიქტორია მღებრიშვილი
20.09.21 15:55
873
"არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტისას მაღალი რანგის შეხვედრების გამართვის შემდეგ განაცხადა.

თურნავას უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრები თავის კოლეგებთან - არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუისთან, ტოლერანტობის მინისტრთან შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ ნაჰიანთან, ასევე „აბუ დაბის განვითარების ფონდის“ გენერალურ დირექტორთან მუჰამედ საიფ ალ სუვაიდისთან და Lulu Group International-ის თავმჯდომარე და მმართველ დირექტორთან იუსუფ ალისთან გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში განიხილეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობების განვითარებას და ამ მხრივ დიდი პოტენციალი არსებობს.

ნათია თურნავას თქმით, პოსტკოვიდ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მათი გეოგრაფიის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია.

„სწორედ ამიტომ ჩვენ ვესტუმრეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც ჩვენი ტრადიციული ინვესტორ პარტნიორია. წლების განმავლობაში ადგილობრივ ინვესტორებს მილიარდ 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული საქართველოში, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, გაცილებით მეტად გავაფართოვოთ გაერთიანებული საამიროების ინვესტორების პროექტები და მათი ინვესტიციები საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ჩემი კოლეგების გარდა, ასევე შევხვდი უმსხვილეს საინვესტიციო ფონდებს, ვინც გამოხატავს მზადყოფნას, შემოვიდეს საქართველოში, გააფართოოს და ინვესტიცია განახორციელოს ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის განვითარებაში. ეს არის ის სფეროები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის და ასევე ძალიან მნიშნელოვანია უცხოელი ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.