მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული თხილის ადგილი მსოფლიოში - თხილის რიგით მერამდენე მწარმოებელია საქართველო

613b687b02c03
შოთა ტყეშელაშვილი
10.09.21 18:43
7757
გაეროს სურსათის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით, საქართველო თხილის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების პირველ სამეულში ადგილს მხოლოდ 2014-2015 წლებში იკავებდა. ამ პერიოდში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მაქსიმალური იყო და $180 მილიონ დოლარს აღწევდა. 2016 წელს ქვეყანამ თხილის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კვლავ მაღალი იყო და $179 მილიონს აღემატებოდა.

თუმცა, 2017 წლიდან აზიური ფაროსანას გავრცელებამ თხილის პლანტაციები დააზიანა და მოსავალიც, ქართული თხილის ხარისხიც და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც დაეცა. შედეგად, საქართველომ თხილის მწარმოებელთა შორის მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

ვითარება შედარებით გამოსწორდა 2020 წელს, როდესაც ექსპორტის მოცულობამ 17,900 ტონას მიაღწია, ხოლო მიღებული შემოსავალი კი $94 მილიონი გახდა. შედარებითი გაუმჯობესების მიუხედავად, 2020 წლის ექსპორტის შემოსავალი 2014 წელთან შედარებით 49%-ით ნაკლებია.

FAO-ს მონაცმებით, საქართველო თხილის რიგით მეშვიდე უმსხვილესი მწარმოებელია. ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა წარმოების მოცულობით მესამე ადგილზეა, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს ღარიბაშვილის პრემიერობის მხოლოდ პირველი ვადის დროს შეესაბამებოდა.

“თხილის ბიზნესი არის ძალიან წარმატებული, საქართველო მსოფლიოში ტოპ-ხუთეულში შედის. პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე - იტალია, მესამე ადგილზე - ჩვენ, მსოფლიოში თხილის წარმოების მიხედვით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეტაპობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში გადავიდეთ მეორე ადგილზე,”- 26 აგვისტოს განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წლების მიხედვით, საქართველოს პოზიცია თხილის გლობალურ წარმოებაში (FAO-ს მონაცემებით):

• 2014 წელს - საქართველო 33,800 ტონა, მესამე ადგილი;
• 2015 წელს - საქართველო 35,300 ტონა, მესამე ადგილი;
• 2016 წელს - საქართველო 29,500 ტონა, მეხუთე ადგილი;
• 2017 წელს - საქართველო 21,400 ტონა, მეექვსე ადგილი;
• 2018 წელს - საქართველო 17,000 ტონა, მეშვიდე ადგილი;
• 2019 წელს - საქართველო 24,000 ტონა, მეშვიდე ადგილი.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი თითქმის 54,000 ტონა მოსავლით FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში თხილის წარმოებაში მესამე ადგილს იკავებს. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი საქართველოში თხილის მოსავლის პიკურ მოცულობასაც თითქმის 19,000 ტონით აღემატება. ამასთან, აზერბაიჯანმა თხილის წარმოება განსაკუთრებულად ბოლო 6-7 წლის განმავლობაში გაზარდა.