მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: ტურიზმის მიმართულებით კარგი იდეები გვაქვს

6033acd67e20a
ინგა მურუსიძე
22.02.21 17:23
2348
საქართველოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტურიზმზეც ისაუბრა, მაგრამ - ძალიან მოკლედ და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე, თუ როგორ წარმოუდგენია მთავრობის მეთაურს პანდემიისგან დაზარალებული დარგის აღდგენა.

„ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ტურიზმზე, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო პრობლემებია ამ სექტორშიც. ეროვნული წარმოების განვითარება, რეგიონების გაძლიერება, გამართული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დღის პირველ ნახევარში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

არც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსაუბრია მომავალ პრემიერს ტურიზმზე ვრცლად და ისევ ზოგადი წინადადებით შემოიფარგლა. 

„ტურიზმის მიმართულებით გვაქვს კარგი იდეები, რაც გულისხმობს უნიკალური პოტენციალის სრულად ათვისებას და გამოყენებას, ერთგვარი კლასტერების შექმნას, რომლებიც იმ რეგიონს, სოფელს თუ რაიონის განვითარებას შეუწობს ხელს და მოსახლეობას დაასაქმებს“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატმა ეს განცხადებაც რეგიონებში არსებული რესურსების ათვისების კონტექსტში გააკეთა.

„დიდი ხედვის წარმოდგენას შევძლებ 100 დღის განმავლობაში და ამაში უნდა იყოს ჩართული ყველა რეგიონი. ჩვენ გვაქვს უამრავი, უნიკალური აუთვისებელი რესურსი, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. რაც საჭიროებს სახელმწიფო-კერძო სექტორი-მოსახლეობის პარტნიორობით განვითარებას. სახელმწიფო დროებით უნდა ჩაერთოს ასეთი დარგების აღორძინებაში, შემდეგ კი შეეძლება სახელმწიფოს გამოსვლა. ხოლო კერძო სექტორი გაჩნდება მფლობელი მისი, ან მოსახლეობაც. უამრავი ასეთი იდეა გვაქვს, რომელიც გულისხმობს რეგიონების განვითარებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ: შარშან ტურიზმის სექტორის დანაკარგი $2.7 მილიარდზე მეტი იყო, რადგან 2019-ში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $3 მლრდ 269 მილიონის შემოსავალი მიიღო, შარშან კი, მხოლოდ - $541.7 მლნ.

2020 წელს საქართველოში 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, მათი უდიდესი ნაწილი ქვეყანაში „ლოქდაუნის“ დაწესებამდე იმყოფებოდა. შედარებისთვის, 2019 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 9 მილიონი შეადგინა.