მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინება მთავრობის სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა”- გილაური

63e1edd5ce81f
BM.GE
07.02.23 11:02
2508
ინვესტორებისთვის საქართველო ახალი პროექტებით და ეკონომიკის ზრდით გამორჩეულია, - ასე აფასებს მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგის, საქართველოს კაპიტალის CEO ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს.

ირაკლი გილაურმა აქტუალურ კითხვებს “Forbes კვირასთან” უპასუხა. ის ამბობს, რომ გასულ წელს ჰოლდინგმა შეძლო და მსხვილი ესპანური კომპანია „აქვალია“ შემოიყვანა საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადებას გეგმავს წყალმომარაგების სექტორიში.

მისი თქმით, პანდემიისა და ომის მიუხედავად, საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნდა, რაც ინვესტიციების შემოდინებაზეც აისახა და 2022 წლის 9 თვეში 1.7 მლრდ დოლარის FDI ჩაიდო საქართველოში.

“2022 წელს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი აქვალია შემოვიყვანეთ, რომელმაც GWP-ის 80%-იანი წილი იყიდა, ინვესტიციები განახორციელა და კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. მიუხედავად პანდემიისა და ომისა, საქართველომ სტაბილურობა გამოიჩინა და ინვესტიციები გაიზარდა. ეს მაჩვენებლებიც შთამბეჭდავია - 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციები განხორციელდა პირველ ცხრა თვეში.

ვხედავთ კიდევაც გაცვლით კურსს, ლარი გამყარდა. რეალურად, გაცვლითი კურსი პულსს უზომავს ეკონომიკას და ინვესტორების განწყობას ზომავს. ინვესტორების განწყობა საბოლოო ჯამში იყო დადებითი. ასევე უნდა აღინიშნოს ის ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველომ 2021 და 2022 წლებში აჩვენა 10-10,1%. ორი წელი ზედიზედ ასეთი მაჩვენებელი უახლოეს ისტორიაში საქართველოს არ ახსოვს.

შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ასეთი დიდი ეკონომიკური ზრდა და ასეთი დიდი ინვესტიცია რატომ შემოდის ქვეყანაში - აქ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა მთავრობის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აბსოლუტურად სწორი იყო. ამან კი ინვესტიციების მოზიდვა და შემოდინება განაპირობა”, - ამბობს “საქართველოს კაპიტალის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.