მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუსტერ" დოზებით ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება - თამარ გაბუნია

616559a3d4ec2
ინგა მურუსიძე
12.10.21 13:45
492
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით ე.წ. "ბუსტერ" დოზების გაკეთება ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება - შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო და დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააჟღერა.

მისივე თქმით, "ბუსტერ" დოზების გაკეთება შესაძლებელია როგორც „ფაიზერის“, ისე „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით, ხოლო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილებს "ბუსტერ" დოზის გაკეთება „ფაიზერის“ ვაქცინით შეუძლიათ.

„ვაქცინაციის პროგრამასთან მიმართებით ცვლილებები ეხება "ბუსტერ" დოზის დაშვებას 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებში, მეორე ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ და ასევე იმ პირებს, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის ორგანოგადანერგილი პირები და ა.შ. პირველი კოჰორტა, ვისაც "ბუსტერ" დოზის გაკეთება მოუწევს, მზად იქნება ოქტომბრის ბოლოს. ეს შეეხება სამედიცინო პერსონალს და დახურულ დაწესებულებებში მყოფ პირებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დაშვებულია ასევე დამატებითი დოზებით აცრის საკითხი, რაც ითვალისწინებს საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის, ჩინური ვაქცინებით აცრის შემთხვევაში, „ფაიზერით“ დამატებით აცრის შესაძლებლობის დაშვებას.

„მათ შეუძლიათ აიცრან, მეორე დოზით აცრიდან 28 დღის შემდეგ. აღნიშნულის მსურველებმა ვაქცინაციის დაწესებულებაში უნდა წარადგინონ დასაბუთების დოკუმენტი, თუ რატომ სურთ დამატებით აცრა“, - თქვა მან.

თამარ გაბუნიას განცხადებითვე, "ბუსტერ" დოზით აცრის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ პორტალზე, შესაბამისი სისტემა მომდევნო კვირაში სრულად გაიმართება, მაგრამ ქრონიკული დაავადების მქონე პირს დასჭირდება ვაქცინაციაზე წარადგინოს ფორმა 100 ან ექიმის ცნობა, რომელიც დაადასტურებს მისი ჯანმრთელობის სტატუსს, ხოლო 50 წელს ზემოთ პირს შეუძლია პირდაპირ დარეგისტრირდეს ან რეგისტრაციის გავლის გარეშე მივიდეს ვაქცინაციის ცენტრში და აიცრას.