მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვიტრო განაყოფიერება/სუროგაციით გაჩენილ ბავშვებზე უცხოეთში მიკვლევადობას ვკარგავთ - გაბუნია

6489b1bb1f464
გიგა ბენია
14.06.23 16:37
937
საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეპროდუქციული სერვისების  [მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერების, დონაციის, სუროგაციის] აკრძალვას გეგმას. დღეს, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციამ განაცხადა, რომ რეგულაცია დარგის არსებობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის დამანგრეველია.

კლინიკების წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, კანონპროექტზე მხარეები ერთად მუშაობდნენ, თუმცა მასში უცხოელებისთვის რეპროდუქციული სერვისების აკრძალვაზე საუბარი არ იყო.

BMG-იმ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას საკითხზე რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- რატომ შეცვალა სამინისტრომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია?

- გადაწყვეტილება დააზღვევს რისკებს, რომლებიც დარგში არსებობს. მედიცინის დახმარების რეპროდუქციის კანონი დაახლოებით ორი წელი მუშავდებოდა. მასში უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები იყვნენ ჩართულები და მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც კანონი დაარეგულირებს, ექსპერტებთან შეთანხმდა. კანონი არეგულირებს არა მხოლოდ მომხმარებლების წრეს, რომლებსაც სერვისი შეეხება, არამედ არეგულირებს იმ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეთიკური კუთხით, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. ამ კანონის მთავარი ძლიერი და დადებითი მხარე ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც სუროგაციის დახმარებით რეპროდუქცია დიდი ხანია გამოიყენება, არ დარჩეს ისეთი რისკები, რაც პროცესს თან ახლავს. ის, რომ კანონი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხოთ, იმის გარანტიაა, რომ ის რისკები დაიზღვიოს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს უკონტროლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ამ სერვისის საქართველოში მიღებას იმის გამო, რომ მათ ქვეყნებში სუროგაცია ან საერთოდ აკრძალულია, ან იმდენად მკაცრია, რომ სერვისის მიღება არ შეუძლიათ. თუ ის ქვეყანა, საიდანაც უცხოელი ჩამოდის, კრძალავს სერვისს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ეს რისკები მანაც გადააზღვიოს"

- რა რისკებს ხედავს მთავრობა პროცესში?

- აღწერილია რისკები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის პრაქტიკას. სუროგაციის შემთხვევაში, არ შეიძლება კომერციული მიზნებით გამოყენება. ასევე, მიკვლევადობაა მნიშვნელოვანი. ბავშვი, რომელიც მედიცინის დახმარებით გაჩნდა, უნდა მოხვდეს საიმედო ოჯახში, ჰქონდეს შესაბამისი განვითარების საშუალება. როდესაც ჩვენ ვკარგავთ კვალს. ბავშვზე, რომელიც გაჩნდა საქართველოში მიღებული სერვისით და მიემგზავრება სხვა ქვეყანაში, როგორ შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელი და ვთქვათ, რომ სერვისი კეთილშობილური, უსაფრთხო მიზნებისთვის გამოიყენეს?


- კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იურიდიულად პროცესი დახვეწილია და წყვილს ბავშვი ქვეყნიდან მარტივად ვერ გაჰყავს. შესაბამისად, რატომ ფიქრობთ, რომ ეს რისკიანია?

- დიახ, სამართლოებრივად გარკვეულწილად დალაგებულია, თუმცა სამედიცინო მიმართულება მნიშვნელოვანია. სამედიცინო კუთხით მიკვლევადობას ჯერჯერობით ვერ ვაკეთებთ. კლინიკებს შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტში მსჯელობებს დაესწრონ, არგუმენტებს მოვისმენთ, მაგრამ ინიცირებული კანონი არის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

- უშვებთ იმას, რომ გადახედოთ კანონპროექტს?

- კანონი არის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები