მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეალისტები უნდა ვიყოთ-რას ვარქმევთ FDI-ს წარმატებულ სტატისტიკას?“ - ინტერვიუ ხიდურელთან

62dbdf6fefcfa
თელარა გელანტია
23.07.22 21:00
1165
ბიზნესგარემო საქართველოში და საინვესტიციო კლიმატის მთავარი გამოწვევები - ეს ის თემებია, რაზეც სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კითხვებს #რედაქტ2-თან ინტერვიუში უპასუხა.

- რამდენად მიმზიდველია საქართველოს საინვესტიციო გარემო დღეს?

- მე ასე ვიტყოდი - ყოველთვის უნდა შევხედოთ, ინვესტიციების ნაკადი როგორია რეგიონში და მასთან შედარებით ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებით ტრენდს თუ - პირიქით. ამ შემთხვევაში გააჩნია რას და ვის ვედრებით. ვედრებით სერბეთს, რომლის ინვესტიციებსაც ვუყურებთ და ვადარებთ საქართველოს თუ ვედრებით სომხეთს და აზერბაიჯანს...

- ამბიციურები ვედრებით საუკეთესოს...

- მესმის, მაგრამ ამბიციურობაზე მეტად დღეს ქართველებს გვჭირდება რეალისტურობა, რაც აჩვენებს იმას, რომ დღეს არის ძალიან კონკურენტული გარემო. კარგია ის, რომ ვიცით, სად ვიზიდავთ ინვესტიციებს. არ უნდა ველოდოთ საქართველოში 500 მლნ დოლარიან ინვესტიციებს ერთ პროექტში...

- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ჰქონდა ამის რესურსი... ასევე ნამახვანჰესს...

- რეალისტები უნდა ვიყოთ - რას ვარქმევთ წარმატებული FDI-ს სტატისტიკას. ვიღაცისთვის 5 მილიარდის ინვესტიცია შეიძლება იყოს წარმატება, მაგრამ ეს ჩვენთვის რეალისტურია?!

- ანაკლიის პორტი ხომ იყო რეალისტური?

- კი, ბატონო...

- ნამახვანჰესის პროექტი ხომ იყო რეალისტური?

- ნამდვილად...

- და ეს უკვე ბევრი მილიარდი გამოდის და სამწუხაროდ, როცა ასეთი პროექტები შეჩერებულია, აქედან გამომდინარე გეკითხებით - რამდენად მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო დღეს... თქვენთან რამდენად მოდიან მსხვილი ინვესტორები ანუ „აწარმოე საქართველოში“-ს პრიორიტეტებში უფრო წინ ხომ არაა წამოწეული სახელმწიფო პროგრამები? გრჩებათ დრო უცხოელი ინვესტორებისთვის?

- რა თქმა უნდა. 10 ადამიანი მუშაობს ინვესტიციების დეპარტამენტში. შეგიძლიათ ნახოთ საერთაშორისო რეიტინგებიც... სხვათაშორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, არ მინდა ახლა სახელები ვთქვა, მაგრამ ჩვენთან ჩამოდიან კონსულტაციებისთვის. ჩვენი საინვესტიციო გუნდი ეხმარება ცენტრალური აზიის და კავკასიის ქვეყნებს დანერგოს ჩვენი მსგავსი პროგრამები და სტილი ინვესტორებთან ურთიერთობაში და ა.შ.

- უფრო მეტ კითხვას უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ეკონომიკის მინისტრს დავუსვამთ, როცა #რედაქტ2-ის სტუმარი იქნება... თუმცა ასევე, საინტერესოა ყველაზე ხშირად რა კითხვებს გისვამენ ინვესტორები, როცა ცდილობთ, დაარწმუნოთ, რომ საქართველოში ფული ჩადონ?

- რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკა არის Top-გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი და ვიცოდეთ, რომ არ ვართ მარტივი ქვეყანა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ როდესაც ინვესტორები შემოდიან, არ აკეთებენ ამ მიმართულებით კვლევას და არ აფასებენ ამ მხრივ ქვეყანას, ძალიან ცდება. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილია ასევე მუშახელის კვალიფიკაცია და გადამზადების სირთულე; ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, ყველა ჩვენი უპირატესობით ამ გამოწვევების დაბალანსებას - ეს არის აზრი „FDI გრანტის“ პროგრამის და სხვა ბიზნესის ხელშემწყობი ინსტრუმენტების. ამდენად, ჯამში, ვფიქრობ, ყველაფერს უნდა შევხედოთ იმ მიმართულებით, რომ დღეს გვაქვს თუ არა ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც გეოპოლიტიკური რისკის მიუხედავად, მოაფიქრებინებს და გადააწყვეტინებს ინვესტორს, რომ ჩადოს ფული საქართველოში.

ასე რომ არ იყოს, მაგალითად, Girteka-ს მსგავსი კომპანია ჩადებდა ფულს?! მას არანაირი აუცილებლობა არ აქვს, შემოვიდეს საქართველოში. ის არაა რუსეთიდან გამოქცეული კომპანია. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მაგალითი, შემოდიან თუ არა ინვესტორები საქართველოში და რამდენად მიმზიდველია ბიზნესგარემო, არის თავად ინვესტორის შემოსვლის ფაქტი.

- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა BMGTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებზე ზრუნვა და სწორედ ამ მიზნით იგეგმება ინვესტორების ე.წ. აფთერქეარ სისტემის დახვეწა და თქვენ ხართ ბენეფიციარები. უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ, რა იგეგმება?

- პირველ რიგში, იგეგმება საჭიროებების შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ წინა ხაზზე და ვხედავთ პრობლემებს, კარგია, როდესაც ხდება გარე პირის მიერ შეფასება, ინვესტორებთან ობიექტუირ საუბარი... აქ იგულისხმება ზოგადად ინვესტორის პრობლემები ქვეყანაში და კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება ინვესტორი, რომ გამოსწორდეს. ჩვენ ეს სერვისი უკვე დანერგილი გვაქვს და ბოლო წლის 10 პრობლემური შემთხვევიდან შვიდი გადაიჭრა პოზიტიურად. სამწუხაროდ, სამზე ვერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება...

- რას ასახელებენ ძირითად პრობლემად ინვესტორები?

- სხვადასხვა თემაა - მშენებლობის ნებართვებასთან დაკავშირებული საკითხები, უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაცია და ა.შ.

- პრობლემები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არაა ამ სიაში?

- ჩვენს შემთხვევაში სასამართლო გამოწვევა არ ყოფილა. იმ ინვესტორებთან, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ეს საკითხი არ დგას წინა პლანზე.