მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI - თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებს

605998afc440b
ინგა მურუსიძე
23.03.21 11:30
693
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებისას 3 მთავარი პრობლემა იკვეთება: იზრდება არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების რაოდენობა; არ მოწმდება ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციული დარღვევები და მოწმდება დეკლარაციების კანონით განსაზღვრული რაოდენობის მხოლოდ ნახევარი.

TI-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციების შევსებას ეხება.

იზრდება არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების რაოდენობა:

მონიტორინგის პირველი სამი წლის განმავლობაში დაჯარიმებულ თანამდებობის პირთა შთამბეჭდავი კლება ფიქსირდებოდა (2017 წელს 80%-დან 2019 წელს 45%-მდე); თუმცა, 2020 წელს დაჯარიმებულთა წილმა კვლავ მატება დაიწყო და 52%-ს მიაღწია. სხვა სიტყვებით, თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს, რაც ვერ ჩაითვლება ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხად.

მეტიც, არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ. 2020 წელს დაჯარიმებულთა შორის ნახევარზე მეტს 3 ან მეტი ტიპის დარღვევა ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ანდა არასრულია. ეს კი, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების, როგორც ანტიკორუფციული მექანიზმის, მნიშვნელობას და ამცირებს მის ეფექტურობას.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შემდეგი 3 თანამდებობის პირი, რომლებსაც 2020 წლის დეკლარაციაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდათ:
რუსლან აბაშიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (9 დარღვევა)
ოთარ ჩალათაშვილი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (8 დარღვევა)
ნონა რეხვიაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე (8 დარღვევა)

არ მოწმდება ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციული დარღვევები: 

2020 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, აღმოჩენილ დარღვევათა აბსოლუტური უმრავლესობა, წინა წლების მსგავსად, ეხება მხოლოდ დეკლარაციის ფორმაში შეყვანილი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეს. თითქმის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა, როდესაც ბიურომ გამოავლინა ისეთი დარღვევები, როგორიცაა: კორუფციის ნიშნები, ინტერესთა ან/და თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უკანონო გამდიდრება ან/და დაუსაბუთებელი ქონების არსებობა, თანამდებობის დატოვების შემდგომი შეზღუდვის დარღვევა (ე.წ. მბრუნავი კარი) და სხვა ამგვარი დარღვევები.
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2020 წელს შემოწმებული 341 დეკლარაციიდან მხოლოდ ერთი გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში, თუმცა მონიტორინგის ანგარიში არ აკონკრეტებს ამ თანამდებობის პირის ვინაობასა და დარღვევის შინაარსს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევებში მოხვდნენ თანამდებობის პირები თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო და მათ შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიურომ ვერ დაადგინა იგივე შინაარსის დარღვევა:

ბადრი ნანეტაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
ვიქტორ ჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი.
ლევან კუპრეიშვილი – სენაკის მუნიციპალიტეტის მერი.
ლევან მაკალათია – აბაშის მუნიციპალიტეტის მერი.
ოთარ ჩალათაშვილი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
ნოდარ ფანჩულიძე – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ზაურ ჩართოლანი – მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევათა შინაარსს, 2020 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დაჯარიმებული თანამდებობის პირების (178) ნახევარზე მეტი არასრულად ან არასწორად ასაჯაროებს მისი ან მისი ჯახის წევრების შემოსავლებს (69.1%) და საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას (56.4%). თითქმის ნახევარი არასრულად უთითებს უძრავ ქონებას (46.3%), ყოველი მესამე არასრულად უთითებს სამეწარმეო საქმიანობას (35.6%), ხოლო ყოველ მეხუთეს არასრულად აქვს დეკლარირებული დადებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია (21.8%).

მოწმდება დეკლარაციების კანონით განსაზღვრული რაოდენობის ნახევარი:

დეკლარაციების მონიტორინგის ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე 3-ჯერ მოხდა ისე, რომ შემოწმდა კანონით განსაზღვრული რაოდენობის (წლის განმავლობაში შევსებული დეკლარაციების 10%) მხოლოდ ნახევარი. ამის მიზეზი არის ის, რომ სპეციალური დამოუკიდებელი კომისია, რომელმაც შესამოწმებელი დეკლარაციების ნახევარი (ანუ ყველა დეკლარაციის 5%) უნდა შეარჩიოს, უკვე მესამეჯერ ვერ შეიქმნა. შედეგად, 2020 წელსაც შემოწმდა დეკლარაციების მხოლოდ 5% (რაც შემთხვევითი პრინციპით, ელექტრონულად შეირჩა).

TI სახელმწიფოს 3 რეკომენდაციით მიმართავს:

აუცილებელია დეკლარაციის შევსების პროცესის განახლება და გამარტივება, მათ შორის პასუხების სტანდარტიზებითა და ავტომატიზების გზით.

დეკლარაციების მონიტორინგი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სისწორის შემოწმებით. მონიტორინგის ნაწილი უნდა გახდეს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევების გამოვლენაც, რისთვისაც საჭირო იქნება შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა.

აუცილებელია, მინიმუმამდე შემცირდეს შესამოწმებელი დეკლარაციების შემრჩევი დამოუკიდებელი კომისიის არშექმნის შესაძლებლობა; ხოლო, მისი არშექმნის შემთხვევაში, კომისიის მიერ შესარჩევ დეკლარაციათა 5% უნდა შეირჩეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რათა ყოველ წელს, ნებისმიერ შემთხვევაში, შემოწმებას დეკლარაციების მთლიანი რაოდენობის 10% დაექვემდებაროს.