მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძის უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში გადაიდო

5ef3101bd2b1d
ინგა მურუსიძე
24.06.20 12:48
987
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ასევე ჯანდაცვის კომიტეტმა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა გადადო.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას სიტყვით გამოვიდნენ როგორც ბიზნეს ასოციაციის, ისე კარდიოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები და განაცხადეს, რომ კანონპროექტი მათ მხოლოდ გუშინ ნახეს და მასზე არ უმუშავიათ.

"თუ შეიძლება გაეცით პასუხი ბრალდებებს - თქვენს სფეროში ძალიან მომრავლდა საუბარი იმაზე, რომ დარგის სპეციალისტებთან არაფერი შეთანხმებული არ არის. რატომ გვაყენებთ ამ მდგომარეობაში? დაგვისახელეთ კონსულტაციის ფორმები, ან ის ადამიანები, ვისთანაც ეს კონსულტაციები გაიმართა. რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში? დარგი დადგება ტელევიზიაში და ამბობს, ჩვენთვის არაფერი უკითხავთო, მერე თქვენ მოდიხართ აქ და ითხოვთ გადაწყვეტილებების მიღებას. ბიზნეს ასოციაცია იძახის ჩვენთან არაფერი განხილულაო, დარგის ასოციაციები იგივეს ამბობენ. აგვიხსენით რაშია საქმე", - მიმართა დაგრობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა გადადებულიყო.

თავის მხრივ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კანონპროექტს ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა, ამიტომ კომიტეტზე მისი განხილვის გადადების საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. დეპუტატებმა საკითხის განხილვა გადადეს.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.

გარდა ამისა, დღესვე, ჯანდაცვის კომიტეტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვაც გადადო. 

კომიტეტზე საკითხი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა, შენიშვნები მოისმინა და თქვა, რომ უწყება მზად არის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს. 

„საკითხი საკითხია, არსებობს დამატებითი კითხვები, საჭიროა დამატებითი დრო. უნდა შევძლოთ და ყველა მხრიდან შევხედოთ პრობლემას. ეს საკითხიც მცირე დროით გადავდოთ კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა სხდომის დასრულებისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ. 

კანონპროექტი სხვა ცვლილებებთან ერთად, მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის 7-დან 30 დღემდე გაზრდას ითვალისწინებს.