მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ქვეყანა სოციალური მობილობის ინდექსის მიხედვით - WEF-ის შეფასება

5e36a662df07c
ირაკლი მაკალათია
02.02.20 14:30
2833
21-24 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში საიუბილეო 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ეს არის ღონისძიება სადაც ყოველ წელს ტრადიციულად მსოფლიო ქვეყნების მთავარი ფიგურები, უმსხვილესი ბიზნესების წარმომადგენლები, მსოფლიოში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან. ფორუმის მონაწილეების მთავარი განხილვის საკითხი ეკონომიკური თემებია.
სტატიაში განვიხილავთ სწორედ ფორუმის მიერ შექმნილ "სოციალური მობილობის ინდექსს".

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა შექმნა ახალი ინდექსი სოციალური მობილობის გასაზომად, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე სოციალური მდგომარეობის შეფასებას ქვეყანაში და როგორც თავად ინდექსის ავტორები აღნიშნავენ, ძალიან საჭირო შეფასებასაც.

კვლევის აქტუალობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობები ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფენ მისი მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობას, ადამიანები უკვე დაბადებისას არათანაბარ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში ხვდებიან. ადამიანური კაპიტალი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძაალაა, ხოლო ყველა ის ფაქტორი რაც აფერხებს ადამიანის განვითარებასა და მის კაპიტალურ ზრდას, უარყოფითად აისახება მოქალაქეთა ცხოვრების დონესა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ,,სოციალური მობილობის ინდექსი’’ საშუალებას იძლევა გაიზომოს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური სფეროები, შეაფასოს მათი განვითარების ტემპები და გამოავლინოს ხარვეზები.

,,სოციალური მობილობის ინდექსი’’ მოიცავს 82 ქვეყნის რეიტინგს. ინდექსის მინიმალური შეფასება ,,0’’ ხოლო მაქსიმალური ,,100’’. ინდექსი შედგება შემდეგი ქვეკატეგორიებისგან: 1. ჯანდაცვა; 2. განათლების ხელმისაწვდომობა; 3. უწყვეტი სწავლება; 4. ტექნოლოგიური განვითარება; 5. სამუშაოს მიღების შესაძლებლობები; 6. სამართლიანი ხელფასის განაწილება; 7. სამუშაო პირობები; 8. სოციალური დაცვის პირობები; 9. ინკლუზიური ინსტიტუტები, რაც გულისხმობს მთავრობის ეფექტიანად მუშაობის ხარისხს, როგორიცაა: კორუფციის დონე, სამთავრობო და საზოგადოებრივი სერვისების ეფექტურობა, გენდერული, ეთნიკური და რელიგიური ჩართულობა; პოლიტიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება.

რაც შეეხება საქართველოს, 82 ქვეყანას შორის ის 55.6 ქულით, 53-ე ადგილს იკავებს. მეზობელი ქვეყნების შედეგები კი ასეთია: რუსეთი (39-ე ადგილი) – 64,7 ქულა; სომხეთი (56) – 53.9 ქულა; თურქეთი (64) – 51.3 ქულა. აზერბაიჯანი არ არის მოყვანილი რეიტინგში.

TOP-10 ქვეყანა სოციალური მობილობის ინდექსის მიხედვით

1. დანია - 85.2 ქულა
2. ნორვეგია - 83.6 ქულა
3. ფინეთი - 83.6 ქულა
4. შვედეთი - 83.5 ქულა
5. ისლანდია - 82.7 ქულა
6. ნიდერლანდები - 82.4 ქულა
7. შვეიცარია - 82.1 ქულა
8. ავსტრია - 80.1 ქულა
9. ბელგია - 80.1 ქულა
10. ლუქსემბურგი - 79.8 ქულა