მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიაში ქარის ოფშორულ ელექტროსადგურებზე ყველაზე მასშტაბური ტენდერი გამოცხადდა

დანია

დანიამ ქარის ოფშორული ელექტროსადგურების მოსაწყობად ყველაზე მასშტაბური ტენდერი უკვე გამოაცხადა. ქვეყნის ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ექვს სხვადასხვა ადგილზე ჯამში 10 გიგავატის მოცულობის ქარის ტურბინებს განათავსებენ, რისთვისაც სახელმწიფო სუბსიდიებს არ სთავაზობთ.

ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა 2030 წელს დასრულდება და მათ დანიის ნახშირბადის ემისიების შემცირებაში კრიტიკული როლი ენიჭებათ - ათწლეულის ბოლომდე დანია CO2-ს ემისიების 70%-ით შემცირებას გეგმავს.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა, იმისათვის რომ ქარის ელექტროსადგურების ასაშენებლად უფლებები მოიპოვონ, ის თანხა უნდა დაასახელონ, რასაც მომდევნო 30 წლის განმავლობაში სახელმწიფოს გადაუხდიან, თავად დანია კი აღნიშნული სადგურების 20%-იანი წილის მფლობელი იქნება.

ტენდერის პირობებით, სახელმწიფო ოფშორული სადგურების ასაშენებლად ექვს ადგილს გამოყოფს. შესაბამისად, დადგმული სიმძლავრე მინიმუმ 6 გიგავატს მიაღწევს, თუმცა კონტრაქტორი ტურბინების რაოდენობაში შეზღუდული არ არის და არსებობს შანსი, რომ ელექტროსადგურების მოცულობამ 10 გიგავატს გადააჭარბოს, რაც დანიაში ელექტროენერგიის მოხმარებას მნიშვნელოვნად აღემატება. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტი ქვეყანას საშუალებას მისცემს, მწვანე ენერგია მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანოს.

Reuters-ის ინფორმაციით, 1-გიგავატიანი ოფშორული სადგურის ასაშენებლად საჭირო ინვესტიცია $2.3 მილიარდს აღწევს, თუმცა ასეთ სადგურს ელექტროენერგიით მილიონამდე სახლის მომარაგება შეუძლია.

ამჟამად დანიის ოფშორული სადგურების სიმძლავრე 2.7 გიგავატია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები