მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თქვენ გექნებათ საშუალება, სახლში გქონდეთ თქვენი ბიგმაკის პური“ - „მაკდონალდს საქართველოს“ გენდირექტორი

601e87497aac3
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 18:00
4336
ჩვენ ვაშენებთ ქარხანას, რომელიც იქნება ულტრათანამედროვე, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ქარხანა, - ამის შესახებ გადაცემა BMG DRIVE-ში „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ „მაკდონალდსის“ ბურგერის პურის ქარხანაზე საუბრისას განაცხადა.

„ქარხანა გამოუშვებს ბევრად უფრო განსხვავებულ და მაღალხარისხიან პურს. ასეთი პური დღეს ევროპაში აქვს მხოლოდ ხუთ ბაზარს, მათ შორის პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და თუ რუსეთს არ ჩავთვლით, ჩვენ ვიქნებით შემდეგი. ეს პური გემოვნურადაც განსხვავებულია, უფრო არომატულია, ზემოდან ვიზუალური ეფექტიც გაუმჯობესებულია“, - აღნიშნა თენგიზ კაპანაძემ.

მისივე თქმით, პურის ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მარტში უკვე იგეგმება ამუშავება.

„ეს იქნება ახალი სიტყვა მომხმარებლისთვისაც. ეს იქნება მაკდონალდსის სტანდარტების მიერ გაკონტროლებული პური. ამის უფლება ბევრ ქვეყანას არ აქვს, აზერბაიჯანს, ხორვატიას არ აქვს - პატარ-პატარა ქვეყნებს არ აქვთ ასეთი წარმოება. საქართველოს კი დაგვრთეს ამის ნება, ვინაიდან საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს „მაკდონალდსში“. მათ სჯერათ ჩვენი პროფესიონალიზმის და სტანდარტების. უმეტეს ევროპულ ქვეყნებში ერთი წარმოებაა, რომელიც ამარაგებს მთელ ევროპას“, - დასძინა „მაკდონალდს საქართველოს“ გენდირექტორმა.

რაც შეეხება თანამშრომლებს, თენგიზ კაპანაძის თქმით, რომ არა პანდემია, იგეგმებოდა 15 ადამიანის ავსტრიაში ქარხანაში სამუშაოდ ექვსი თვით გაგზავნა, რათა მათ გამოცდილება მიეღოთ. თუმცა, კოვიდის გამო ეს არ გამოვიდა, ამიტომაც ახლა მათ ექსპერტების ჩამოყვანა უწევთ, რომლებიც აქ ტრენინგებს ატარებენ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდსის“ ქარხნის მიერ წარმოებული პური მოხვდება „მაკდონალდსის“ რესტორნების გარდა, სუპერმარკეტებშიც.

„თქვენ გექნებათ საშუალება, სახლში გქონდეთ თქვენი ბიგმაკის პური“, - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.

ცნობისთვის, ქარხნის მშენებლობაში 6 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. წინასწარი გეგმის მიხედვით, საქართველოში წარმოებული პროდუქტით, აზერბაიჯანსა და სამხრეთ რუსეთში მდებარე "მაკდონალდსის" რესტორნები მომარაგდება.

გარდა ამისა, მათ გეგმაშია, ასევე, წელს "მაკდონალდსის" 3 რესტორნის გახსნა. მათ შორის ორი - თბილისში და ერთი რეგიონში იქნება წარმოდგენილი.