მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: ეკონომიკური გუნდი მსჯელობს, რა ფორმით შენარჩუნდეს „საპარტნიორო ფონდი“

60f6e77ebfcac
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.21 21:15
1063
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ხანგრძლივი პროცესია და ეკონომიკური გუნდი მსჯელობს იმაზე, თუ რა ფორმით უნდა შენარჩუნდეს ის. ამის შესახებ მან საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების გაჭიანურების მიზეზებს შეეხებოდა.

უკვე მეოთხე წელია, რაც მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. Bm.ge-ის ინფორმაციით, განიხილება როგორც ფონდის გაუქმება, ისე - რეფორმირება. ამ მხრივ, ერთ -ერთ საკვანძო საკითხს დაფინანსების წყაროზე შეჯერება წარმოადგენს. არაა გამორიცხული, რეფორმირებული "საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. ამ დროის განმავლობაში კი, "საპარტნიორო ფონდს", IMF-ის რეკომენდაციით ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყება აკრძალული აქვს.

”საპარტნიორო ფონდი ერთ-ერთი საწარმოა. მას ყოველთვის განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრა და ის არ არის მხოლოდ საწარმო, ეს არის საინვესტიციო ფონდი. მის რეფორმირებას ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება და განსხვავებული მიდგომა, რადგან ის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მიზანს - ბაზარზე კაპიტალის დანაკლისის შევსებას ემსახურება.

ეკონომიკური გუნდი ვმსჯელობთ იმაზე - რა ფორმით უნდა შენარჩუნდეს საპარტნიორო ფონდი. ჩემი აზრია, რომ ვინაიდან პანდემიის პერიოდში მცირე საწარმოებს მოაკლდა არამხოლოდ სესხი, არამედ კაპიტალიც, ეს ინსტიტუტი აქტუალობას არ კარგავს, მაგრამ უნდა მოხდეს მისი კორპორატიზაცია, სტანდარტების დანერგვა და დაფინანსების წყაროებზე უფრო მეტი მსჯელობა“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრი საპარტნიორო ფონდის გაუქმების იდეას არ ემხრობა