მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრანსკავკასიის კრისტალმა“ აღსრულების ბიუროს დავა მოუგო - „ეს სახელმწიფოსთან მოგებული ომია“

62df90b58771f
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.22 11:30
1237
კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალმა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 5 წლის წინ დაწყებული დავა უზენაეს სასამართლოში მოუგო.

კომპანიის დამფუძნებელი და წარმომადგენელი, ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კომპანიამ აღნიშული დავის სახელმწიფო უწყებასთან მოგებით პრეცედენტი შექმნა, რომლის გამოყენება სხვა დავების დროსაც შესაძლებელი იქნება. "ეს სახელმწიფოსთან მოგებული ომია“, - აცხადებს ის.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ "ტრანსკავკასიის კრისტალის" წინააღმდეგ დავა კომპანია „მეგაკომ“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის გამო დაიწყო. შედეგად სასამართლომ „მეგაკოს“ მოთხოვნა დააკმაყოფილა და „ტრანსკავკასიის კრისტალის“ ქონებები დააყადაღა; კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონების ნაწილი, კონკრეტულად აჭარაში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები აუქციონზე გამოიტანა. რამდენიმე აუქციონის ჩაშლის შემდეგ ქონება ღირებულებაზე დაბალ ფასად ქიბარ ხალვაშის ძმამ ნიაზ ხალვაშმა (შპს „ბიზონი”) შეიძინა. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ნიაზ ხალვაშმა ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი რამდენიმე წლით ადრე იპოთეკური სესხის გამო დაკარგა და მისი უკან დაბრუნების მიზნით „ტრანსკავკასიის კრისტალს“ 1.1 მლნ დოლარს სთავაზობდა, რაც მამუკა სხვიტარიძის განცხადებით, ქონების იმჟამინდელი მფლობელისთვის მიუღებელი თანხა იყო.

მამუკა სხვიტარიძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა მას შემდეგ წამოიწყო, რაც უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აჭარაში „ტრანსკავკასიის კრისტალის“ კუთვნილი ქონება რამდენიმე აუქციონის ჩაშლის შემდეგ დაბალ ფასად გაასხვისა. ახალი მფლობელი ნიაზ ხალვაში აღმოჩნდა, ამ უკანასკნელმა კი ტერიტორიაზე არსებული შეუფასებელი მანქანა-დანადგარებიც მიითვისა.

"ტრანსკავკასიის კრისტალის“ დამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულების პროცესი რიგი დარღვევებით წარმართა, რაც უზენაესი სასამართლოს მიერ 14 ივლისს გამოტანილმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა.

"აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესი ხარვეზებით წარმართა: ჩვენ მაშინ ბიუროს შევთავაზეთ სვირში არსებულ ქონებაზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირება, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა, სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი თავისი მოქმედების ფარგლებს გასცდნენ; მეორე საკითხი ეხება იმას, რომ რამდენიმე ქონების მართვის შემთხვევაში, აღსრულების პროცესში ბიურომ აუქციონზე კომპანიის მიერ შერჩეული ქონება უნდა გაიტანოს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კი ჩვენი ქონებიდან აჭარაში არსებული ქონება შეარჩია და აუქციონზე გაიტანა; კიდევ ერთი დარღვევა ის იყო, რომ ქონება აუქციონზე გატანისას არ იყო შეფასებული; სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული გახდა, რომ ქონება რამდენ ნაწილადაც შეუძლია იმდენ ნაწილად უნდა გაყოს იქიდან გამომდინარე თუ რა თანხა არის გადასახდელი მომჩივანი მხარისთვის“, - განაცხადა მამუკა სხვიტარიძემ.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედება სრულად შეიცვალა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინერგა ახალი პრაქტიკა კომპანიის წილების გაყიდვის შესახებ. თუ კომპანია მაგალითისთვის 5 მლნ დოლარი ღირს, აღსრულების ბიუროს შეუძლია არა კომპანიის ქონება გაყიდოს, არამედ გასაყიდად მისი წილი გამოიტანოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას აქციონერები შესძინოს. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოქმედების არეალი თავდაყირა დავუყენეთ.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, აღსრულების ბიუროს მოქმედება პრაქტიკულად შეიცვალა. ეს არის პრეცედენტი, რომლის გამოყენება სხვასაც შეუძლია. პრაქტიკა შეიცვალა და აღსრულების ბიურომ წაგებული მხარის ინტერესები უნდა დაიცვას, რომ წაგებული მხარე - კომპანია არ განადგურდეს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კომპანიის კუთვნილის ქონების აუქციონის წესით გასხვისებული ქონება "ტრანსკავკასიის კრისტალს“ დაუბრუნდება. საბუთები რეესტრში უკვე შეტანილი მაქვს და პროცესი მალე დასრულდება“, - აცხადებს მამუკა სხვიტარიძე.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის რა ქონებაც კომპანიას უბრუნდება, 20 მლნ ლარის ღირებულებისაა.

კომპანია აღსრულების ეროვნული ბიუროში დასაქმებული პირებისა და ხელმძღვანელობის საქმესთან მიმართებით უფლება-მოსილების გადაჭარბების გამო, სამართლებრივი პასუხისგების საკითხსაც დააყენებს.