მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტროტუარზე პარკირება დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება, ჯარიმები იზრდება - კანონპროექტი

62691df749ae0
გიორგი თოლორდავა
27.04.22 14:48
3501
თბილისში სატრანსპორტო რეფორმა გრძელდება, ამჯერად ცვლილებები პარკირების წესებში შედის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ტროტუარზე ავტომობილის გაჩერება დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება; მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი კი უქმდება, გარდა ამისა, მთავრობა ჯარიმების გაზრდასაც გეგმავს.

კანონპროექტის თანახმად:

• ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე ავტომობილის პარკირება დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას;

• მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები;

• უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა SMS-შეტყობინება;

• ამასთან, ავტომობილის - ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტრო ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით;

• მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

• ამავდროულად, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა ორიენტირებულია პირველ რიგში ქვეითებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.