მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ covid-ის გამო სამსახური დაკარგეთ, თბილისის მერია გადაგამზადებთ

5f96acf921374
ანუკა ჯოხაძე
26.10.20 15:00
2813
დედაქალაქის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს, რომელიც საზოგადოებას დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ წარუდგინა.

პროგრამის ბიუჯეტი 1 მლნ ლარამდეა და ის ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროფესიულ სწავლებას და დასაქმების ხელშეწყობას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეალურად, მსგავსი პროგრამა უკვე ორი წელია ფუნქციონირებს.

“ახლა ვიმყოფებით პანდემიის პირობებში და ბუნებრივია, შრომის ბაზარმა განიცადა გარკვეული ცვლილებები, ამიტომ ამ პროგრამაში შევიტანეთ ცვლილება და ზუსტად პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეებს მოვარგეთ. ისეთი სექტორები, როგორებიცაა მაგალითდ, მომსახურების სფერო დაზარალდა, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი დარგია, სადაც დარჩენილია მოთხოვნა და აქტუალურია, რომ ამ მიმართულებით გადავამზადოთ მოქალაქეები, რათა შეძლონ და დაეუფლონ ახალ უნარ-ჩვევებს და შეძლონ დასაქმება. ჯამში, წელიწადში, დაახლოებით, მილიონ ლარს დავხარჯავთ გადამზადებაზე და ბუნებრივია, თუ დარჩება მოთხოვნა, გავარგრძელებთ პროგრამას”, - ამბობს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, რომლის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში პროგრამის ფარგლებში 2100 მოქალაქე გადამზადდა, რომელთაგან 1800 დასაქმდა.
მიმდინარე წელს კი, 4000 ბენეფიციარის გადამზადება იგეგმება, საიდანაც მერიას მოლოდინი აქვს, რომ 3500-მდე ადამიანი დასაქმდება.

ამასთან, როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, დაინტერესებულ პირებს 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ ონლაინ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.dasakmdi.ge 

სწავლება სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ბაზაზე წარიმართება და 15 ნოემბრიდან დაიწყება. მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობაა 2 თვე.

პროგრამის ფარგლებში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი, კოლეჯი „იკაროსი“, კოლეჯი „მერმისი“ და კოლეჯი „სპექტრი“ 30-ზე მეტი მიმართულებით ასწავლიან. მათ შორის, სამშენებლო, საინჟინრო, დიზაინის, სურსათის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ტრანსპორტის სფეროში.

პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება მინიმუმ 18 წლის მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და წარმოადგენს პანდემიის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლების ცნობას ან ამავე პერიოდში, სახელმწიფოს მიერ გაცემული ფინანსური დახმარების ცნობას.

ვებგვერდი www.dasakmdi.ge  გარდა საინფორმაციო უზრუნველყოფისა, შეასრულებს საკომუნიკაციო და საკოორდინაციო ფუნქციას კერძო სექტორს, მუნიციპალიტეტს, პროფესიულ სასწავლებლებსა და დასაქმების მსურველ მოქალაქეებს შორის.
გარდა რეგისტრაციისა, მოქალაქეები ვებგვერდზე მიიღებენ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, გაეცნობიან მოთხოვნად სპეციალობებს და საშუალო ანაზღაურებას.

ამავე ვებგვერდზე კერძო სექტორი შეძლებს სხვადასხვა სპეციალობის კადრებზე მოთხოვნის დაფიქსირებას.

„მუნიციპალიტეტს და პროფესიულ სასწავლებლებს ექნებათ მუდმავად განახლებადი ინფორმაცია კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნად სპეციალობებზე, ასევე, პოტენციური პარტნიორი კომპანიების ბაზა, რაც ხელს შეუწყობს პრიორიტეტული სასწავლო მიმართულებების დაგეგმვას, ასევე კერძო სექტორის ჩართვას უშუალოდ გადამზადების პროცესში. 2021 წლიდან დაგეგმილია პროგრამის მასშტაბების გაზრდა“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.