მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ კანონპროექტის განხილვაში არ ჩაგვრთავენ, ჩამოვიქცევით - ჩუხრუკიძე კლინიკების რეგულაციებზე

5ef30c15eacaf
ინგა მურუსიძე
24.06.20 12:35
1635
თუ ჯანდაცვის სამინისტროს კანონპროექტს ასოციაციები არ გაიხილავენ, მივიღებთ იმ შედეგს, რაც 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით გვაქვს, რამაც კარდიოლოგია ჩამოაქცია, - ამის შესახებ "კარდიოლოგთა ასოციაციის" თავმჯდომარემ არჩილ ჩუხრუკიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს კომიტეტებზე განიხილავდნენ.

საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.

"ეს დოკუმენტი ძალიან მოცულობითია, მარტო სასამართლოზე საუბარი არ არის. ეს დოკუმენტი მხოლოდ გუშინ ჩამივარდა ხელში და ქალბატონმა თამარ გაბუნიამ ბევრ შეკითხვას აარიდა თავი. თავად დოკუმენტშივე წერია, რომ არც ერთ ასოციაციასთან, არც ერთ ექსპერტთან ეს დოკუნმენტი არ განხილულა. ჩვენი თხოვნაა, კენჭი არ ვუყაროთ, დავსხდეთ, განვიხილოთ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ არ იქნება განხილული ასოციაციების დონეზე, გვექნება იგივე შედეგი, რაც მივიღეთ 520-ე დადგენილების მიღების შემდეგ, რამაც კარდიოლოგია და კარდიოქირურგია ჩამოაქცია. არც ერთი შეხვედრა არ გამართულა და არც ერთი მოცემულობა 520-ე დადგენილებაზე და არც ერთი კაზუსი არ გასწორებულა უკვე 7 თვეა", - განაცხადა ჩუხრუკიძემ.

მისივე თქმით, ასოციაციამ ბევრჯერ მიმართა სამინისტროს საკითხის განხილვის თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

"მე თვითონაც ვარ ექსპერტი სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან, რომელიც პაციენტების მიმართვებს ამოწმებს. როგორია სტატისტიკა? - მე რაც დავთვალე, მხოლოდ 147 საჩივარია შესული და თუ ასეა, ე.ი კარგად გვქონია საქმე", - მიმართა ჩუხრუკიძემ თამარ გაბუნიას.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ასევე ჯანდაცვის კომიტეტმა გადადო.