მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ ნაღდი ანგარიშსწორების მაჩვენებლები გაიზარდა, შესაძლოა, ეს რუსეთიდან შემომავალი ნაკადის გავლენა იყოს" - რეზო მაღალაშვილი

6230ca92f3433
ლიკა გურაბანიძე
16.03.22 22:40
1037
“თუ ნაღდი ანგარიშსწორების მაჩვენებლები გაიზარდა, შესაძლოა, ეს რუსეთიდან შემომავალი ნაკადის გავლენა იყოს.” - ამის შესახებ “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, რუსი მომხმარებლების შემოდინებას ახლა კომპანიაში ზედაპირულად აკვირდებიან და ზუსტ მონაცემს მომავალში გააჟღერებენ.

"ყველა რიტეილერი საბარათე ტრანზაქციებს და ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდებს აკვირდება. მოგეხსენებათ რუსებს საბარათე ანგარიშები დაებლოკათ...

ვაკვირდებით და სხვადასხვა მონაცემს ვაანალიზებთ. რამდენიმე დღეში სურათი უფრო ნათელი გახდება. თუ ადრე 70% საბარათე სისტემებით იხდიდა და 30% ნაღდი ანგარიშსწორებით, ახლა პროპორცია, თუ ნაღდი ანგარიშსწორების სასარგებლოდ შეიცვალა, ეს შესაძლოა კარგი ინდიკატორი იყოს", - განმარტა რეზო მაღალაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიაში რუსეთ-უკრაინის ომის გამო შემოსავლების კუთხით მკვეთრ ცვლილებას ვერ ხედავენ.

“ახლა გაყიდვების თვალსაზრისით ისევ ისეთი პოზიტიურ დინამიკაა, როგორიც ბოლო 3-4 თვის განმავლობაში იყო. შექმნილი მძიმე მდგომარეობის შემოსავლებზე მკვეთრ გავლენას ვერ ვხედავთ. ფასებს არ გავზრდით, თუ გაუფასურება გაგრძელდება, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კორექტირებაზე საუბარი შედგება, იმედი გვაქვს რომ ეს საჭირო არ იქნება", - აღნიშნა მაღალაშვილმა.

“რითეილ გრუპ ჯორჯიას” ბრენდების 90% ევროპიდან შემოტანილია. ის ქართულ ბაზარზე ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა მაგალითად “ზარა”, “მანგო”, “მასიმო დუტი”, “სტრადივარიუსი” და “ბერშკა”.