კომპანიების ნაწილი თბილისსა და რეგიონებში კომერციული და სავაჭრო ფართების დეფიციტზე საუბრობს. როგორც "სინომი რითეილის" დირექტორმა BMG-ს განუცხადა, ამ დროისთვის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ვაკანტური ადგილები აღარაა, რაც საქართველოში ახალი ბრენდების შემოყვანას ხელს უშლის.
რევაზ მაღალაშვილის თქმით, როგორც წესი, მსხვილი საერთაშორისო ბრენდები განსათავსებლად სავაჭრო ცენტრებს ირჩევენ, მათთვის შედარებით დიდი ფართების მოძიება კი გამოწვევაა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის სრულადაა დატვირთული შარშან ბათუმში გახსნილი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლიც“. რევაზ მაღალაშვილის განცხადებით, სავაჭრო ფართების დეფიციტის გადასაჭრელად აუცილებელია როგორც თბილისს, ასევე რეგიონს ახალი სავაჭრო ცენტრები დაემატოს, ხოლო არსებული ობიექტები გაფართოვდეს.
“მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ადგილები პრაქტიკულად დაკავებულია და კიდევ უფრო რთულია კარგი ადგილის პოვნა. ამ წლების განმავლობაში პრესტიჟული ადგილები იმ ბრენდებმა დაიკავეს, რომლებიც კარგად მუშაობენ და გასვლას არ აპირებენ. ამიტომ ახალი ბრენდებისთვის ფართების დეფიციტი ნამდვილადაა. იყო ბრენდები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ იმიტომ ვერ შემოვიყვანეთ, რომ შესაბამისი სავაჭრო ფართი ვერ ვიშოვეთ. კიდევ უფრო მეტადაა პრობლემა შედარებით დიდი ფართის, 1000-2000 კვ მეტრის სივრცის მოძიება, რადგან ასეთი სივრცეების გამოყოფა ძირითადად მოლების მშენებლობის ეტაპზევე ხდება. მსხვილ საერთაშორისო ბრენდებს კი სწორედ ასეთ სავაჭრო ცენტრებზე აქვთ მოთხოვნა. ალტერნატივა ქუჩის სავაჭრო ობიექტებია, თუმცა აქაც გამოწვევებია, რადგან ეს მიმართულება შედარებით ფრაგმენტულია და კარგი ადგილები მოძიება ამ სეგმენტშიც ჭირს. ვიცით, რომ რამდენიმე სავაჭრო ცენტი გაფართოებას გეგმავს, რაც ქვეყანაში ახალი ბრენდების შემოსვლას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.