„სითი მოლის“ ორივე ფილიალი, როგორც საბურთალო, ისე გლდანი გაფართოვდება. ამის შესახებ „საქმიან დილასთან“ საუბრისას კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანა ზედგინიძემ განაცხადა.
მიუხედავად ბაზრის გაჯერებისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ „სითი მოლის“ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, კომპანიას დამატებითი ბრენდების შემოყვანის შესაძლებლობას აძლევს.
„სითი მოლი მუდმივად აკეთებს საცალო-სავაჭრო სექტორის კვლევას და ნათელია, რომ ამ ეტაპზე ეს სექტორი გაჯერებულია, თუმცა ჩვენი შიდა სტატისტიკა და მაჩვენებელი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავიწყოთ მასშტაბური პროექტები, რაც გულისხმობს „სითი მოლი საბურთალოსა“ და „სითი მოლი გლდანის“ გაფართოებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ „სითი მოლს“ თავისი ლოიალური მომხმარებლების დიდი რაოდენობა ჰყავს, რომლებსაც უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ექსკლუზიური ბრენდები უნდა შევთავაზოთ. მეორე ფაქტორი დამოკიდებული იყო იმაზე, რომ ყოველწლიურად და ახლაც ტურისტული ნაკადების ზრდა ფიქსირდება, რაც ჩვენი სავაჭრო ცენტრის დატვირთულობაზე პირდაპირ აისახება. წელს ზაფხულს დაახლოებით ტურისტების შემოდინება 25-30% იყო. დამატებით დეტალებს გაფართოების მიმართულებით ოდნავ მოგვიანებით გაცნობებთ“, - უთხრა bmg-ის ზედგინიძემ.