მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები რიგში დგანან, რომ კომერციული ფართები იქირაონ - "საკურა ფროფერთი"

სავაჭრო ცენტრი

უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ თბილისის მასშტაბით სავაჭრო ფართების დეფიციტია.

როგორც „საკურა ფროფერთის“ დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, სავაჭრო სივრცეების ნაკლებობა განსაკუთრებით შესამჩნევია ცენტრალურ უბნებში, სადაც კომპანიები ფილიალების გახსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ, თუკი სხვა ბრენდი ტოვებს ფართს.

ვიქტორია საკუროვას თქმით, ბოლო ორ წელში გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ცენტრალურ უბნებში იჯარის ფასი დაახლოებით 20-30%-ითაა გაზრდილი, რის გამოც რითეილ კომპანიების ნაწილი ობიექტების გახსნას გარეუბნებში ანიჭებს უპირატესობას, სადაც სივრცეების ნაკლებობა ასევე შეიმჩნევა.

„თბილისში რითეილ სექტორისთვის სავაჭრო ფართების ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევაა. მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო მიწოდება დაბალი. სამწუხაროდ, ბევრი კომპანია ვერ პოულობს ფართებს ახალი ფილიალებისთვის. თუკი ჩვენ ცენტრალურ უბნებში ახალი ფილიალების გახსნას ვხედავთ, ეს იმას უკავშირდება, რომ ფასის ზრდის გამო იცვლება მეიჯარე. იგივე ვითარებაა სავაჭრო ცენტრებშიც, კომპანიები რიგში დგანან, რომ ფართი იქირაონ. არის შემთხვევები, როდესაც გვიკავშირდებიან ბრენდები და გვეუბნებიან, რომ მაგალითად, 10 ახალი სავაჭრო წერტილის გახსნა სურთ, თუმცა ფიზიკურად ბაზარზე ამხელა მიწოდებაა არაა.

ბოლო ორ წელში ცენტრალურ უბნებში სავაჭრო ფართების ღირებულება კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 20-30%-ითაა გაზრდილი. ამის გამო კომპანიების ნაწილი გარეუბნებში იწყებს ფართების მოძიებას, თუმცა კარგი ადგილების შოვნა იქაც ჭირს. ამ ვითარებიდან გამოსავალი ქალაქის გარეუბნებში უფრო მეტი ახალი სავაჭრო სივრცის მშენებლობაა. ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს წლებში ამ მიმართულებით დედაქალაქის გარეუბნებში რამდენიმე პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი“, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.

ცნობისთვის, კომპანიების ნაწილი თბილისსა და რეგიონებში კომერციული და სავაჭრო ფართების დეფიციტზე საუბრობს. რითეილ სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ვაკანტური ადგილები აღარაა, რაც საქართველოში ახალი ბრენდების შემოყვანას ხელს უშლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები