მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ "მწვანე პასპორტი" აცრის წახალისებას არ ემსახურება, მაშინ რესტორნებს ვსჯით? - ასოციაცია

61cc51879fd4e
ელენე გოგბერაშვილი
30.12.21 10:15
954
მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ. "მწვანე პასპორტის" მექანიზმი ამოქმედდა და განისაზღვრა ის ობიექტები, სადაც მხოლოდ "მწვანე სტატუსის" მქონე მოქალაქეები დაიშვებიან. 1-ელი დეკემბრიდან მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შესაძლებელია შესვლა კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეტრებში, ოპერაში, მუზეუმებში. აღნიშნია, რომ ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.

აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე ირკვევა, რომ რეგულაცია მის რეალურ მიზანს (ვაქცინაციის სტიმულირება) დიდად ვერ ემსახურება, რადგან კვების ობიექტების უმრავლესობა დადგენილ წესებს არ იცავს და "მწვანე სტატუსის" არმქონე სტუმრებსაც ემსახურებიან.

რესტორატორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამის შესახებ რეგულაციის ამოქმედებამდე აფრთხილებდნენ შესაბამისი სამსახურის მესვეურებს, რადგან რეალურად "მწვანე პასპორტის" მექანიზმი არ ემსახურება აცრების სტიმულირების მიზანს.

შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ გავრცელდა ცვლილებები კვების ობიექტებზე და რატომ არ შეეხო ის მაგალითად, სავაჭრო ცენტრებს და სალონებს, სადაც დიდია მობილობა. მისთვის გაუგებარია ასევე, რა პრინციპით სთხოვენ "მწვანე სტატუსს" სტუმრებს და იგივე არ ეხება დამხვედრ პერსონალს და საერთოდ რა მიზნით შემოიღეს უვადო "მწვანე პასპორტი".

„ჩვენი შეთავაზება იყო, რომ "მწვანე ზონის" სტატუსი გამხდარიყო ნებაყოფლობითი და თუ ობიექტი მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას, ის სტიმულირებული ყოფილიყო საგადასახადო შეღავათით. დღეს არსებულ პირობებში რატომ უნდა იყოს ამით ობიექტი დაინტერესებული? დღეს ურთიერთშეთანხმებით ხდება ობიექტებში სტუმრების დაშვება. ვადასტურებ, რომ ადმინისტრირების პრობლემაა და დარღვევებიც ხდება. სხვანაირად ვერც იქნება", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

მისი თქმით, ბიზნესთან შეთანხმდნენ, რომ რეგულაციის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში მიდგომა იქნებოდა ლოიალური და ბიზნესს არ დააჯარიმებდნენ, რადგან ეს უნდა ყოფილიყო რეგულაციასთან მორგების პერიოდი.

„როცა "მწვანე პასპორტის" მექანიზმი შევიდა ძალაში, ობიექტები ცდილობდნენ კანონმორჩილებას, თავიდან უარი თქვეს "მწვანე სტატუსის" არმქონე პირების მიღებაზე, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც კანონის გვერდის ავლით მუშაობდა. სწორედ ასეთ რესტორნებში მოხდა კონცენტრაცია და სხვებსაც მოუწიათ თვალების დახუჭვა. ამ გზით აითვისეს ისევ კონტიგენტი“, - განმარტავს ბურჯანაძე.

კითხვაზე -  ერთთვიანი მორატორიუმის შემდეგ, ელის თუ არა ბიზნესი იანვრიდან რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის გამკაცრებას, რესტორატორი გვპასუხობს, რომ „ალბათ იქნება წერტილოვანი დარტყმები, რათა სფერო უკონტროლოდ არ იქნას მიშვებული“.

„ვერ გავიგეთ რა მიზანს ემსახურება "მწვანე პასპორტები". თუ ის არ ემსახურება აცრების სტიმულირებას, რა მნიშვნელობა აქვს მის შემოღებას? რესტორნები დავსაჯოთ? თუ სტატისტიკა არ იცვლება ქვეყანაში, რა აზრი აქვს ასეთ რეგულაციას?“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.