მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადრიდში, ქართული რესტორანი „ნუნუკა“ მეორედ მოხვდა Michelin-ის გზამკვლევში

nunuka

მადრიდში არსებული ქართული რესტორანი „ნუნუკა“ ესპანელებს უკვე 2 წელია ბებიის რეცეპტებით უმასპინძლდება და Michelin-ის გზამკვლევიც უკვე მეორედ მოხვდა. ნუნუკას“ წარმატებაზე „ქალების ნარატივში“ რესტორნის დამფუძნებელმა, ნინო კილტავამ ისაუბრა.

„ჩვენი რესტორნის მიზანი, გახსნის დღიდან, ჩვენი ქვეყნის ტრადიციული გასტრონომიის, ესპანელებისთვის და არამხოლოდ ესპანელებისთვის გაცნობა იყო. გამორჩეულმა კერძებმა და მაღალი ხარისხის სერვისმა შესაბამისი ყურადღებაც დაიმსახურა. თუმცა, წარმატებამდე მისვლა ადვილი არ ყოფილა. „ნუნუკა“ უკვე მეორედ მოხვდა Michelin-ის გზამკვლევში და ეს არის წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება. კერძები, ავთენტური გემოები და სტუმარ-მასპინძლობამ მოგვაპოვებინა სწორედ ეს აღიარება, თანაც უკვე მეორედ“,- აღნიშნა ნინო კილტავამ.

საოჯახო ტიპის ქართული რესტორანი მადრიდში 2022 წლის სექტემბერში გაიხსნა და მალევე მიიპყრო გურმანთა ყურადღება. რესტორანმა 2023 წლის მაისში უკვე მიიღო პირველი მიშლენის გზამკვლევის (Michelin Guide) აღიარება.

„თუ არ იცნობთ ქართულ სამზარეულოს, ეს მიმზიდველი საოჯახო სტილის რესტორანი მადრიდში, ჩუეკას რაიონში შესანიშნავი ადგილია ქართული საკულტო კერძებისა და უგემრიელესი არომატების აღმოსაჩენად“, – წერს Michelin Guide ქართულ რესტორანზე.

დაჯილდოების ცერემონიალი 11 აპრილს მადრიდში გაიმართა. შერჩეულ რესტორნებს Michelin Guide-ის აბრები კომპანიის დირექტორმა მიგელ პერედამ და მსოფლიოში აღიარებულმა შეფმა, მარიო სანდოვალმა გადასცეს.

45 სტუმარზე გათვლილი რესტორანი „ნუნუკა“ ესპანეთში 12 ქართველს ასაქმებს, რომლებიც სტუმრებს მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობენ.

რაც შეეხება ესპანელების საყვარელ ქართულ კერძებს, ნინო კილტავას თქმით ნიგვზიანი ბადრიჯანი და აჭარული ხაჭაპური ლიდერობს.

რესტორანი „ნუნუკა“ 2 წელია რაც ესპანეთის ბაზარზე ოპერირებს, რომლის თავდაპირველ ინვესტიცია 300 ათასი ევრო იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები