მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ "ნამახვანჰესზე“ ოპტიმალური გზა არ მოიძებნა, ინვესტორები ჩვენზე უარს იტყვიან - ენერგეტიკოსი

60ad042b97efc
ინგა მურუსიძე
26.05.21 13:55
946
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციებმა სოფელ გუმათიდან დედაქალაქში 24 მაისს გადმოინაცვლა. "რიონის ხეობის მცველები“ საპროტესტო აქციებს მართავენ და პერიოდულად გარკვეულ უბნებში გზის სავალ ნაწილს კეტავენ. მათ ძირითად მოთხოვნებს შორისაა, გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და გაუქმდეს ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან“. პროექტის მოწინააღმდეგეები თბილისში აქციას დღესაც გამართავენ, შემდეგ კი, როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რიონის ხეობაში დაბრუნდებიან, რათა ინვესტორ კომპანიას მუშაობის საშუალება არ მისცენ. 

ენერგეტიკოს გია არაბიძეს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები 90-იან წლებში „ხუნდონჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ წარმართულ მოვლენებს აგონებს.

"ეს სიტუაცია წარსულს მაგონებს, თუმცა არ ვამბობ, რომ ერთნაირია. მაშინდელი აქციების ორგანიზატორებმა, რომლებსაც სერიოზული თანამდებობები ჰქონდათ ქვეყანაში, თქვეს, რომ შეცდომა იქნა დაშვებული. შეთქმულების თეორიისგან შორს ვარ, მაგრამ ხუდონის მშენებლობის შეჩერების პროცესის შემდგომ პერიოდში ნელ-ნელა გამოჩნდა ე.წ. რბილი ძალა და „რუსული კვალი“. რაღაცნაირად ჩემში იწვევს ეჭვს, რომ მაშინ პროცესებში ჩარეული იყო ჩვენთვის არასასიამოვნო ძალა. ახლანდელ სიტუაციას რაც შეეხება, ვეჭვობ, ახლაც ასეა, თუმცა არ მინდა, ასე იყოს. არ მინდა, რომ საბოლოო შედეგად მივიღოთ ის, რაც ხუდონის შემთხვევაში მივიღეთ და ამ ხალხს, ვინც ამდენი თვეა აქციებს მართავს, დარჩეთ ის „იარლიყები“, რაც მაშინ დარჩათ“, - განაცხადა გია არაბიძემ.

ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ პროექტთან დაკავშირებული საკითხები სატელევიზიო გამოსვლებით, „ტალახის სროლით“ ან მიტინგებით ვერ გადაწყდება და კითხვებსაც პასუხი ვერ გაეცემა.

გია არაბიძეს სიტუაციიდან გამოსავლად პროცესების მოლაპარაკების ჭრილში გადასვლა მიაჩნია. „შევქმნათ სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი; მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები და დაიდოს პროფესიონალური დასკვნა. ვენდოთ მათ დასკვნას და საბოლოო გადაწყვეტილებაც ასე მივიღოთ. დასახელდეს ექსპერტები, პროფესიონალები, პროექტის შემქმნელები, მისი ავტორები და მოილაპარაკონ“.

ამასთან, ენერგეტიკოსისთვის გაუგებარია აქციის ლიდერის ვარლამ გოლეთიანის განცხადება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს დიალოგისთვის ქუჩაში იწვევს. "თუ საქმის კეთება და მოგვარება გინდა, პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტში კი არა სახლშიც უნდა მიაკითხო. მისი განცხადება მე არ მესმის. თუ გვინდა, კარგი ჰიდროელექტროსადგური, მაშინ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ასე გავაკეთოთ, მაგრამ თუ გვინდა, უარი ვთქვათ ნებისმიერ მშენებლობაზე, მაშინ მამაზეციერი რომ ჩამოვიდეს და თქვას, რომ ეს სადგური კარგი იქნებაო, მაინც არ დაუჯერებენ“, - ამბობს ის.

რაც შეეხება ერთ-ერთ შესაძლო სცენარს და მოთხოვნას, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ და „ენკასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას ითვალისწინებს, გია არაბიძე ფიქრობს, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს.

„ენკასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის ყველაზე რთული შედეგი იქნება ის, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში გვიჩივლებს და საკმაოდ სერიოზულ თანხას წაგართმევს. თუ ახლა ვერ მოვრიგდით და არ მოიძებნა ოპტიმალური გზა „ნამახვანჰესის“ ასაშენებლად, სხვა ინვესტორები იტყვიან, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში არ ღირს ინვესტიციის განხორციელებაო, მაგრამ რატომ უნდა მივიდეთ აქამდე?!", - აცხადებს გია არაბიძე.

bm.ge-სთან საუბარში მან ასევე შეაფასა პრემიერის განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ "ნამახვანჰესის" თემის კომენტირებისას გააკეთა, რომ ხედავს "ენერგეტიკული ჰიბრიდული ომის ნიშნებს“. გია არაბიძის თქმით, თუ მთავრობა ამ ნიშნებს ხედავს, ეს აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს.