მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ყველაფერი ნორმაშია, მეგაპროექტების გაჩერება არ შეიძლება - ნოდარ გიორგაძე

63de56c2945c1
გიორგი არონია
06.02.23 10:00
1514

“თუ ყველაფერი ნორმაშია, მაშინ ასეთი პროექტების გაჩერება არ შეიძლება”, - ასე პასუხობს “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი და ინვესტორი ნოდარ გიორგაძე BMG-ის შეკითხვას, თუ რამდენად აზიანებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ნამახვანჰესის პროექტების გაჩერება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას. ინვესტორის თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სათანადოდ შეფასდეს მეგაპროექტის გრძელვადიანი ზეგავლენა გარემოსა და ბუნებაზე. 

“ეკონომიკა და ადამიანების ცხოვრების ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება, ამ ეტაპზე, ჩვენს თაობას შევუწყოთ ხელი, რომ, რაც შეიძლება კარგად იცხოვრონ და უფრო მეტი მიიღონ, მაგრამ ამით ათი თაობის შემდეგ მოსული ჩვენი შთამომავლობა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, ჩვენი სისხლი და გენი შეიძლება დავღუპოთ.

აქ არის სწორედ სწორი შეფასებების გაკეთება. თუ ეს შეფასებები გაკეთდა და ყველაფერი ნორმაშია, მაშინ ასეთი პროექტების გაჩერება თავისთავად ცუდია და ეს არ შეიძლება. წარმოიდგინეთ, ერთმა ბიზნესმენმა ათეულობით, ზოგმა კი ასეულობით მილიონი ჩადო, დანამდვილებით არ ვიცნობ ამ სიტუაციას, მაგრამ ასეთი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ქვეყანას ავტორიტეტს მაღლა არ უწევს. თუმცა, ყველა ქვეყანაში არის ეტაპები, როცა კონკრეტული პროექტი დაიწყო, შემდეგ გაჩერდა - ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის, ასეთი შემთხვევები ავსტრიაშიც ხდება, სლოვაკეთშიც და ჩეხეთშიც. პროექტი რაღაც ეტაპზე ჩერდება, რადგან ყველაფერი ბოლომდე დახვეწილი არ არის, მაგრამ შემდეგ, ეს ყველაფერი დაიხვეწება, საბოლოო ფორმას მიიღებს და იქოქება, რის შემდეგაც მიდის და მიდის, ხოლო ეკონომიკა და ბიზნესი მიფრინავს, რასაც ქვეყნისთვის დადებითი შედეგი მოაქვს”, - აღნიშნავს ნოდარ გიორგაძე.

ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორის შეფასებით, ანაკლიისა და ნამახვანის პროექტების გაჩერება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე უარყოფითად აისახება, ნოდარ გიორგაძე მეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი ამ პროექტების ხელახლა დაწყებისა და გაგრძელების მიმართ. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტები გრძელვადიანად მდგრადია, ინვესტორი მათში ჩართვას არც თავად გამორიცხავს.

“ბოლო დროს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ხელახლა ამოქოქვის პროცესშია და რადგან დაიწყო ხელახალი ამოქოქვა, ნიშნავს, რომ შეფასებები უკვე გაკეთებულია, აქცენტები დასმულია და ალბათ ხალხი ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებს. მე, მაგალითად, ასეთ პროექტს თუ გავეცნობი და დავრწმუნდები, რომ ის ჩემს შთამომავლობას არ ავნებს და ეკონომიკას არგებს, სიამოვნებით ჩავერთვები", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სტატუსის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას საქართველოს მთავრობა დაიწყებს, ხოლო სახელმწიფო ამ პროექტის 51%-იანი წილის, ანუ საკონტროლო პაკეტის, მფლობელი იქნება. პროექტის დარჩენილი 49%-იანი წილისთვის, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო აუქციონის გამოცხადებას გეგმავს, მაგრამ ინვესტორის ვინაობა როდისთვის გაცხადდება, ჯერჯერობით, უცნობია. განსხვავებული მდგომარეობაა ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, რადგან, ამ ეტაპზე, ამ საქმეს საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები