თბილისის ზღვაზე, 2023 წლის დასაწყისში, „ჯინო ჰოლდინგის“ გახსნილი სასტუმრო “ჯინო აკვამარინის” მართვაში საერთაშორისო ბრენდი Wyndham Collection-ი შევიდა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ 20 მლნ ევროს ინვესტიციით, იანვარში გახსნილ 218-ნომრიან სასტუმროს თავდაპირველად ბაჰრეინული კომპანია Gulf Hotel Group-ი მართავდა. მმართველის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა სასტუმროს სახელიც და ახლა ის Gino Seaside Tbilisi By Wyndham Collection-ის ბრენდით ოპერირებს.
სასტუმროს მენეჯმენტის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
„თავიდან ასეთი განწყობა გვქონდა - გვინდოდა, ჩვენ თავად გვემართა სასტუმრო, რადგან ამის საკმაო გამოცდილება გვაქვს. მათ შორის საქართველოშიც მცხეთის და რაბათის სასტუმროებს ვმართავთ, მით უმეტეს სლოვაკეთში. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, ფიზიკურად ვერ შევძლებდი, რადგან სასტუმრო, აკვაპარკი და რესტორანი ისეთი თემაა, რომ შენ თვითონ თუ არ აკონტროლებ - ეს შენი ბიზნესი აღარ არის. შენი ბიზნესი მაშინაა, როდესაც შენ აკონტროლებ. კონტროლისთვის კი გჭირდება დრო და დიდი რესურსი. როდესაც სერიოზული დიდი პროექტები გაქვს, რომლითაც სხვებს აფინანსებ. მაგალითად 1 მლნ ევროს სუბსიდირებას ვახდენ ყოველწლიურად, რომ ჯინო პარკმა იარსებოს, რადგან ზაფხულში ძალიან კარგად მუშაობს, ზამთარში კი საქართველოში ბავშვის გაციების ეშინიათ, სინამდვილეში კი სწორედ მაგიტომ არის გადახურული აუზები, რომ ოთხივე სეზონზე შეძლონ დასვენება.
ამ მომენტმა მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სასტუმრო სერიოზული მმართველისთვის გადამეცა, ასეთი ოპერატორი Wyndham Collection-ია, რომელთანაც ხელშეკრულება გავაფორმეთ. ახალმა მენეჯმენტმა სასტუმროს მართვა 17 ივლისიდან გადაიბარა. სასტუმრო სრულად გადავაბარეთ, როგორც ხარჯით ისე შემოსავლებით და დაფიქსირებული მაქვს გარკვეული პირობები, რომელიც მათ უნდა შეასრულონ. ასეთი პრინციპით მართვა მაწყობს, მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი მართვის ქვეშ რომ მქონოდა, უფრო მეტ მოგებას მივიღებდი, თუმცა ბიზნესი, რომელიც თავს ინახავს, ბანკს ისტუმრებს, სახელმწიფოსთან ვალდებულებებს გიხსნის და პლუს მოგებას გიტოვებს, ჩემთვის ამ ეტაპზე მისაღებია, რადგან ხელ-ფეხი გათავისუფლებული მაქვს და დაგეგმილ სერიოზულ პროექტებზე მარტივად ვმუშაობ“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.
„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სასტუმროში დამსვენებლები ძირითადად არაბული ქვეყნებიდან ჩადიან, თუმცა ჰყავთ სტუმრები, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
"საქართველოს ბაზარი სასტუმროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ტურისტებიც ბევრი გვყავს. წელს განსაკუთრებით ჭარბობენ არაბული ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული ყაზახები, უზბეკები, ასევე მცირე აქტიურობაა აზერბაიჯანული და სომხური ბაზრიდან. ასევე აქტიურდება რუსი ტურისტების შემოსვლა", - აღნიშნა "ჯინო ჰოლდინგის" მმართველმა.
ცნობისთვის: "ჯინო ჰოლდინგის" პორტფელში საქართველოში აკვაპარკი Gino Paradise, სასტუმროები Gino Wellness Mtskheta, Gino Wellness Rabath-ი და Gino Seaside Tbilisi By Wyndham Collection-ია. ჰოლდინგი საქართველოში რამდენიმე პროექტის განხორციელებას როგორც ტურიზმის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით გეგმავს.