„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის შეფასებით, რომელიც საქართველოში ტურიზმის მიმართულებით აკვაპარკისა და სასტუმროების პროექტებს მართავს, ქვეყანაში ევროპელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებულია. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მისი თქმით, ტურიზმის გეოგრაფიას თუ შევხედავთ Gino-ს ობიექტებზე არაბი და ცენტრალური აზიის ქვეყნების ტურისტების რაოდენობაა გაზრდილი.
„საქართველოს ბაზარი სასტუმროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრი ტურისტები გვყავს. სასტუმრო „ჯინო სისაიდში“ წელს განსაკუთრებით ჭარბობენ არაბული ქვეყნიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები - ყაზახები, უზბეკები, ასევე მცირე აქტიურობაა აზერბაიჯანული და სომხური ბაზრიდან. ასევე აქტიურდება შემოსვლები რუსებისგან.
ევროპელების ნაკადი შემცირებულია. აკვაპარკში ვხედავთ, რომ ევროპელების რაოდენობა შემცირებულია და ქართველების რაოდენობაა გაზრდილი. ადგილობრივებმა „ჯინოში“ ამოსვლა, დასვენება დაიწყეს. ეს ჩემთვის მისასალმებელია, რადგან საკუთარ ტურიზმზე უკეთესი ტურისტი არ არსებობს, რადგან ის გარანტირებულადაა შენი სტუმარი. წელს არაბები აქტიურობენ-თქო აღვნიშნე, მაგრამ მომავალ წელს რა იქნება - არ ვიცით.
რაც შეეხება რეგიონის სასტუმროებს, იქ გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითისთვის, GinoWellness Rabath-ში სტუმრების რაოდენობა 25%-ითაა გაზრდილი. ვერ გეტყვით ეს რით არის განპირობებული. შესაძლოა, იმის დამსახურებაა, რომ კარგი მენეჯმენტი გვყავს და კარგად ხელმძღვანელობენ; შეიძლება, სამცხე-ჯავახეთის მიმართ გაიზარდა ინტერესი და მეტი ხალხი მიდის, მაგრამ ფაქტია რომ გაიზარდა. ამ რეგიონში ძალიან ბევრი ებრაელი დადის“, - ამბობს ნოდარ გიორგაძე.
„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ITB Berlin-ზე საქართველოს წარმატებული წარდგენის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამ საერთაშორისო გამოფენის შემდეგ საქართველოში ევროპელი ტურისტების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამიტომ ნოდარ გიორგაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან მეტი მოქნილობაა საჭირო, რათა ქვეყანამ ევროპელი სტუმარი დაიბრუნოს.
„ამ მიმართულებით პერსპექტივები დიდია, უბრალოდ მეტი მოქნილობა და დრო გვჭირდება... ევროპასთან სერიოზული მუშაობა გვჭირდება, რადგან ევროპელი ტურისტების ნაკადები ძალიან შეთხელებულია. მაგალითად, ჩვენს სასტუმროში ევროპელი ტურისტები თუ არიან, ეს ან ჩეხები, ან სლოვაკები არიან, რაც ალბათ ჩემი ფაქტორის გათვალისწინებითაა.
ITB Berlin-ზე საქართველო მასპინძელი ქვეყანა იყო. მე იქ ვიყავი. ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ ასეთი პრეზენტაცია, როგორიც საქართველოს ჰქონდა, არასდროს ენახათ. ამ ყველაფერში საქართველოს ხელისუფლების დიდი დამსახურებაა. უნდა აღვნიშნოთ, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ზურაბ პოლოლიკაშვილის დამსახურება, რომ საქართველო მასპინძელი ქვეყანა იყო. მარიამ ქვრივიშვილის, როგორც ეკონომიკის მინისტრის და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის დიდი დამსახურებაა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ... უამრავი ხალხი მუშაობდა და ეს ჩემ თვალწინ ხდებოდა, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ ამ ყველაფრის შედეგად მატება უნდა გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, რასაც ვხედავ, ჯერჯერობით ეს მატება არ არის“, - აცხადებს ნოდარ გიორგაძე და კითხვაზე - იზიარებენ თუ არა ხელისუფლებაში მის რეკომენდაციებს, ასე პასუხობს: „როცა ამ თემაზეა საუბარი, ვიცით, რომ ისინიც მუშაობენ ამ თემაზე, მათაც გარკვეული გეგმები აქვთ ამ კუთხით, მაგალითად გამოფენებში მონაწილეობის მიღება... ეს ის პროცესია, რომელზეც ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ და არც არავის ჩაუქნევია, მუშაობა მიდის და მჯერა, რომ ევროპელ ტურისტს მოვაბრუნებთ“.
„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ევროპიდან ტურისტების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომსა და რეგიონში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობას ასახელებს. „რა თქმა უნდა, ომი ერთ-ერთი ფაქტორია. რუსეთი აქვეა და ტანკებით დგას, მსოფლიო ომის დაწყების შიში, მუქარები არსებობს რუსეთისგან - ეს ყველაფერი კი ადამიანებზე მუშაობს“, - ამბობს გიორგაძე.
ცნობისთვის: "ჯინო ჰოლდინგის" პორტფელში საქართველოში აკვაპარკი Gino Paradise, სასტუმროები Gino Wellness Mtskheta, Gino Wellness Rabath-ი და Gino Seaside Tbilisi By Wyndham Collection-ია. ჰოლდინგი საქართველოში რამდენიმე პროექტის განხორციელებას როგორც ტურიზმის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით გეგმავს.