ქართულ-სლოვაკური “ჯინო ჰოლდინგის” მმართველი პარტნიორის ნოდარ გიორგაძის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, უცხოელი ტურისტების რაოდენობა მათ ჰოლდინგში შემავალ სასტუმროებშიც შემცირდა, განსაკუთრებით ირანელების, არაბების და ინდოელებისაც. თუმცა ბიზნესმენის თქმით, ნელ-ნელა ვითარების გაუმჯობესების ტენდენცია ფიქსირდება.
"არ იყო მარტივი თვეები. წინა გაზაფხულიდან მოყოლებული რთული პერიოდი იყო, მაგრამ ახლა ნელ-ნელა სიტუაცია სწორდება, უკვე საკმაო შეკვეთები გვაქვს. ახლა მაგალითად, თბილისის სასტუმრო დატვირთულია დაახლოებით 65%-ით.
ძალიან სერიოზულად დაარტყა ამ ომმა განსაკუთრებით რაიონებს. თბილისი მაინც დედაქალაქია და საკმაო რაოდენობით მაინც ჩამოდიან ტურისტული ჯგუფები - ტურისტებიც და ასევე საქმიანი ვიზიტორებიც. თუმცა ასეთი ვითარება არაა. რაიონებში - მათ შორის მცხეთის, ახალციხის თუ ბათუმის სასტუმროებშიც დატვირთვა შედარებით შესუსტებულია.
მაგალითად, ჩვენთან ძალიან დიდი ნაკადი შემოდიოდა ისრაელიდან, რომლებიც სამწუხაროდ ახლა აღარ იყვნენ და ამან ძალიან სერიოზულად ჩააგდო თებერვალი და მარტი. თუმცა ახლა უკვე ამ ჯგუფების მხრიდან იზრდება შემოსვლები და რეზერვაციებიც”, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.
ბიზნესმენი იმასაც აღნიშნავს, რომ სასტუმროებისგან განსხვავებით, "ჯინო აკვაპარკში" ვიზიტორების რაოდენობა წელს ორჯერ გაიზარდა და ამ მხრივ გააქტიურებულია ადგილობრივი სეგმენტი.
აღსანიშნავია, რომ "ჯინო ჰოლდინგში" თბილისის ზღვაზე მდებარე აკვაპარკის გარდა, შედის ასევე სასტუმროები თბილისში, ახალციხეში, ბათუმსა და მცხეთაში. გარდა ამისა, ჯინო ჰოლდინგს აქვს სასტუმროები და აკვაპარკი სლოვაკეთშიც.




























