“ჯინო აკვაპარკის” სტუმრების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ამის შესახებ “ჯინო ჰოლდინგის” მმართველმა პარტნიორმა ნოდარ გიორგაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, წელს, ზაფხულის სეზონი აკვაპარკში მაისის შუა რიცხვებისთვის გაიხსნება.
“ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ პრაქტიკულად წლევანდელი მაჩვენებლები თითქმის ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე იყო შარშან. ვიზიტორების რაოდენობაც..
როგორც იცით, ყველაზე პოპულარული დაბადების დღეების ცენტრია. პრაქტიკულად დღე არ გავა, რომ 10-12 დაბადების დღე არ იყოს. დაბადების დღეები ძალიან აქტიურად მუშაობს. ძალიან კარგად მუშაობს ველნეს-სპა ცენტრიც, სადაც სხვადასხვა საუნა და ჯაკუზებია.
ახლა ზაფხულის სეზონისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, რომ მაისის შუა რიცხვებში უკვე გარე აუზებს გავხსნით", - აღნიშნა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ წელს ვიზიტორების თითქმის გაორმაგებულ რაოდენობას ელოდებიან.
"ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით გაორმაგებული იქნება, იმიტომ რომ დღემდე ასეა, ყოველ შემთხვევაში ოქტომბრის თვიდან მოყოლებული მატება არის წინა წლის პერიოდთან შედარებით 70- 80%-მდე. იყო თვეები, როცა 120%-იც კი იყო. მაგალითად, შარშან თუ იყო თვის განმავლობაში 10 000 მომხმარებელი, წელს იგივე თვეს იყო 20-22 000 ადამიანი”, - აღნიშნა ნოდარ გიორგაძემ.
კითხვაზე რამ განაპირობა “ჯინო აკვაპარკის” ვიზიტორების ზრდა, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ეს ადგილობრივი ვიზიტორების ხარჯზე მოხდა.
"ყველაზე მეტად კმაყოფილი იმით ვარ, რომ მატება ადგილობრივების ხარჯზე იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ მენეჯმენტმა ძალიან სერიოზული წინსვლა განიცადა, ბევრი რამ შეცვალეს, მიდგომა, ასევე, სისუფთავის თემატიკა, კვების ხარისხი... ჩვენ სისტემატურად ვაკეთებთ წყლის ანალიზს და ბოლო ერთი წელიწადია ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ პარამეტრებიდან რომელიმე ყოფილიყო ნორმიდან ამოვარდნილი.
ასევე, გასტროსექციაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, უამრავი ახალი პროდუქტი შემოვიდა, დაიხვეწა დიზაინი, ხარისხი, გემო.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ თბილისის ზღვის სანაპიროზე გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩაატარა ჰაერის კვლევა და აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ქალაქში არსად არ არის ისეთი სუფთა ჰაერი, როგორიც არის აქ. ეს მეამაყება და შეიძლება ესეც იყოს [მომხმარებლების ზრდის] მიზეზი”, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.
რაც შეეხება ფასებს, ბიზნესმენის თქმით, წელს აკვაპარკში შარშანდელი ფასები იქნება შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირდა წყალი, ელექტროენერგია, გაზი.
“იყო მოსაზრებები, რომ საფასური დაახლოებით 10-15%-ით გაგვეზარდა, მაგრამ მე არ დავთანხმდი. შეიძლება განსაკუთრებული მოგება არ იწერება, მაგრამ მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, რომ იარონ და დაისვენონ ჩვენს ტერიტორიაზე”, - განმარტა “ჯინო ჰოლდინგის” მმართველმა პარტნიორმა და დასძინა, რომ წელს მომხმარებელს აკვაპარკში სიახლეები ელოდება, თუმცა ეს სიურპრიზია და ჯერ ამ სიახლეებს ვერ დაასახელებს.




























