მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვგეგმავთ, თბილისის ზღვის ტერიტორია საკურორტო ზონად ვაქციოთ - სასტუმრო „ჯინო აკვამარინი“ გაიხსნა

63d0cdec43a52
გიორგი არონია
25.01.23 10:39
3426
ქართულ-სლოვაკური ჰოლდინგური კომპანიის, “ჯინო ჰოლდინგის” მრავალმილიონიანი ინვესტიციით თბილისის ზღვაზე ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, “ჯინო აკვამარინი” გაიხსნა. სასტუმრო, რომლის სამშენებლო ფართობი ჩვიდმეტი ათას კვადრატულ მეტს აღემატება, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბური აკვაპარკის, “ჯინო ფერედაისის” ზონაში მდებარეობს.

„ვგეგმავთ, თბილისის ზღვის ტერიტორია საკურორტო ზონად ვაქციოთ, რათა პირდაპირ თბილისში მდებარე ეს უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და წყნარი და შესანიშნავი ხედების მქონე ადგილი, ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის ერთ-ერთ უსაყვარლეს დასასვენებელ ადგილად იქცეს“, - აღნიშნა „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და ინვესტორმა, ნოდარ გიორგაძემ BMG TV-სთან საუბრისას.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სასტუმროში ექვსი კატეგორიის 218 ნომერია განთავსებული, რის გამოც სასტუმროს ერთდროულად ხუთასამდე დამსვენებლის მიღება შეუძლია. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი მოიცავს აუზს, რესტორანს და ბარებს, ამასთანავე სასტუმროში ვხვდებით სხვადასხვა ზომის სამ საკონფერენციო დარბაზსაც.

"ჯინო აკვამარინის” პროექტი სრულად სლოვაკურ ინვესტიციას წარმოადგენს, რომელიც “ჯინო ჰოლდინგმა” სლოვაკური "Exim ბანკის" მონაწილეობით განახორციელა - სასტუმროში, რომელმაც 140 ადამიანი უნდა დაასაქმოს, ოცი მილიონი ევრო არის ინვესტირებული.

"ჯინო აკვამარინის” მშნებლობა ჩვენ დავაფინანსეთ და როგორც ჩანს, ეს მეტად წარმატებული პროექტი იქნება. ასეთი პროექტების უკან ყოველთვის პირადი კავშირები დგას. ნოდარ გიორგაძე მეტად პატივცემული ადამიანია და გვჯერა, რომ მას ასეთი სასტუმროს აშენება შეუძლია. ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და პროექტს ამიტომაც დავთანხმდით. ცხადია, ეს პროექტი საინტერესოა კომერციულადაც - მისი მდგენელები შევისწავლეთ და მოხარულნი ვართ, რომ ამ თანამშრომლობაში ჩავერთეთ“, - აღნიშნავს სლოვაკური „Exim ბანკის“ დირექტორი, მარიან იანოჩკო BMG TV-სთან საუბრისას.

“ჯინო აკვამარინი” პირველი მსხვილმასშტაბიანი პროექტი არ არის, რომელსაც “ჯინო ჰოლდინგი” თბილისის ზღვის მიმდებარედ ახორციელებს. ჰოლდინგის მიერ საქართველოსა და სლოვაკეთში ბოლო ათი წლის განმავლობაში ინვესტირებული კაპიტალი 240 მილიონ ევროს შეადგენს - აქედან საქართველოში, დღემდე, 87 მილიონი ევრო არის ინვესტირებული. ნოდარ გიორგაძის თქმით, მომდევნო ხუთ წელიწადში, „ჯინო ჰოლდინგი“ თბილისში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. ცნობისთვის გეტყვით, რომ “ჯინო ჰოლდინგი” მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ნამდვილი წევრია, ხოლო მისი დამფუძნებელი, ნოდარ გიორგაძე - ტურიზმის ელჩია მსოფლიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები